ახალქალაქის მცხოვრები, რომელიც პასუხისმგებელი ორგანოების თანამშრომლებს არ დაექვემდებარა და თვითიზოლიაციის წესები დაარღვია, 19 მარტს, საღამოს, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა თვითიზოლირებული, ვინც არ ექვემდებარება წესებს და შეზღუდვის მიუხედავად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადის, ანალოგიურად მოექცევიან.

ახალგაზრდა ადამიანი სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა, თავის სახლთან ახლოს, იმ დროს შეამჩნიეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ის იძულებით გადაიყვანეს აბასთუმანში კარანტინში, რათა დაიცვას თვითიზოლაციის წესები.

ყველა თვითიზოლირებული საზღვარზე გააფრთხილეს, რომ დარჩენილიყვნენ სახლში ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს სწრაფად რეაგირება. ისინი სამართალდამცველი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, რათა არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები და საფრთხე არ შეუქმნან მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ახალქალაქში, გუშინდელიდან მოყოლებული სწრაფად გაიზარდა თვითიზოლირებულთა რიცხვი და 200-ს გადააჭარბა (კონკრეტულ მონაცემებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ). უმეტეს შემთხვევაში არიან სომხეთიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სახლში დაბრუნდნენ.

16 მარტიდან სომხეთიდან საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე თვითიზოლირებულია, იმისთვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მოსახლეობას მასობრივად არ გადაედოს. თვითიზოლაცია გულისხმობს ადამიანის სახლში ყოფნას, კონკრეტულად, ერთ ოთახში, კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს ოჯახის სხვა წევრებთან, მათი დაცვის მიზნით. ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს. თუკი ამ ხნის განმავლობაში არ გამოუვლინდება კორონავირუსის სიმპტომები (ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გაციება), ესე იგი არ არის ინფიცირებული. მე-15 დღეს შეუძლია თვითზილაციიდან გამოსვლა.

იმ შემთხვევაში, თუკი მესაზღვრეები, ან საზღვარზე მომუშავე მედპერსონალი ადამიანს მაღალ ტემპერატურას შეამჩნევენ, ან მოქალაქე თავს ცუდად გრძნობს, მას კარანტინში გადაიყვანენ. ჯავახეთში ასეთი 1 შემთხვევა იყო, როდესაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები აბასთუმანში გადაიყვანეს, ის ჯერ კიდევ იქ იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა ნორმალურია, არ აღენიშნება კორონავირუსისა და სხვა დაავადებების სიმპტომები.

ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოები, ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ, შეინარჩუნონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ყველა თვითიზოლირებული დაემორჩილოს კარანტინის წესებს, რათა დაიცვან მათი ახლობლების, ნაცნობების, ნათესავებისა და მთლიანი საზოგადოების ჯანმრთელობა.