Armenian      Russian

საქართველოს ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, ერთი აშშ დოლარი 3.1804 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 10 თეთრით აღემატება. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება კი 3.49 ლარი გახდა, რაც ასევე 10-თეთრიან გაუფასურებას წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაანონსა.

შეგახსენებთ, ლარის გაუფასრების შესაჩერებლად 2020 წელს პირველი ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს განახორციელა და საკუთარი რეზერვებიდან სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა.

ბოლო 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 40.5 თეთრით გაუფასურდა, რაც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში 14.6%-იან ვარდნას წარმოადგენს. ევროსთან კი ანალოგიურ პერიოდში გაუფასურება 11.5%-ს შეადგენს.