დღეს, 2 მარტს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, მკოიანების მომხრეების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის სკანდალური საქმის ფაქტზე განაჩენი გამოიტანეს. აღნიშნული ფაქტი 2018 წლის 30 ოქტომბერს მოხდა. სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 წელი და 3 თვე გაგრძელდა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ თითოეულ ფიგურანტს 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაუნიშნა. სასამართლო პროცესის დაწყებამდე, გირაოს სახით შეტანილი 3000 ლარი, ყველა მონაწილეს დაუბრუნდება.

მასიური ფიზიკური დაპირისპირების საქმეში მონაწილე ერთ-ერთ წევრს, ანდრანიკ კარსლიანს, ბრალდება თავდაპირველადვე ორი მუხლის თანახმად წაუყენეს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანება).

ჩხუბის სხვა მონაწილეები, მათ შორის ბიზნესმენის და საქართველოს პარლამენტის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა- მარტუნ მკოიანი, ენზელ მკოიანის ვაჟიშვილი- კარუშ მკოიანი, ძმისშვილი- ედუარდ მკოიანი და კიდევ ერთი მონაწილე, არარატ ამბარიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) დაადანაშაულეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ანდრანიკ კარსლიანმა უარი განაცხადა საკუთარი თავი ეღიარებინა დამნაშავედ. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ბრალდებას დაეთანხმა. საქმის დანარჩენი მონაწილეები ბრალდებას დაეთანხმნენ და აღიარეს მათი დანაშაული.

სასამართლომ, ანდრანიკ კარსლიანი ნაწილობრივ დამნაშავედ აღიარა და 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მოუხსნა. ანდრანიკ კარსლიანი დამნაშავედ აღიარეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით. მან უნდა გადაიხადოს 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა. მას დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი 3000 ლარი, რომელიც მას 2018 წელს აღკვეთი ღონისძიების სახით ჰქონდა შეტანილი. მასიური ფიზიკური ძალადობის საქმის დანარჩენი მონაწილეები ასევე დაჯარიმდნენ 3000 ლარის ოდენობით, მათაც დაუბრუნდებათ გირაოს თანხა (3000 ლარი).

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის «ძალა ერთობაშია» შტაბთან, პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის მომხრეებს, ახლობლებსა და შტაბის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოპოზიციის ოთხი აქტივისტი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.