საქართველოს დღეს, 2-დღიანი ვიზიტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ეწვევა. როგორც ცნობილია, ის თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი 18 ნოემბერს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
მაიკლ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.
მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.
მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობას. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიაწვდის სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდება ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.
“საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო განსაკუთრებულად აფასებს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელოვან დახმარებას პანდემიასთან გამკლავების პროცესში. საყურადღებოა, რომ ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების პროტოკოლის მაქსიმალური დაცვით.