10 ნოემბერს საღამოს, ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულის შესასვლელთან, რომელიც უმეტესად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული, ახალგახსნილ პარკში აზერბაიჯანელები შუშის “გათავისუფლებასა” და ყარაბაღის “დაბრუნებას” აღნიშნავდნენ.
“ჩვენ ახალქალაქიდან ვბრუნდებოდით, უკვე ბნელოდა მარნეულამდე როცა მივედით. იქ ბევრი ხალხი იყო, ისინი რაღაცას აღნიშნავდნენ”, – ყვება არტურ სარგსიანი, მარნეულის რაიონის სოფელ აგრიორპის მცხოვრები და დასძენს, რომ ახალქალაქში 9 ნოემბერს იყვნენ, როცა რეგიონში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო.
როგორც Aliq Media-ს არტურ სარგსიანმა განუცხადა, შეკრებილები მხოლოდ პარკში არ იყვნენ, მათ გზის ნაწილი გადაკეტეს, ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებდა.
“პოლიციელები სათითაოდ ატარებდნენ მანქანებს, როდესაც ჩემი ჯერი დადგა (ჩემს მანქანას სომხური ნომრები აქვს), გზასთან შეკრებილი აზერბაიჯანელების ჯგუფი დროშების ქნევით ჩვენკენ წამოვიდა, სომხეთთან დაკავშირებული შეძახილებით. გვერდზე მდგომმა პოლიციელმა მიბრძანა მანქანის ფანჯრების დაკეტვა და გზის გაგრძელება”, – ყვება არტური.
არტურთან ერთად სოფელ ჩანახჩის მცხოვრები, სამველ ავეტისიანიც იმყოფებოდა, რომელმაც Aliq-თან საუბარში განაცხადა:
“შეკრებილი იყო 400-500 ადამიანი, როდესაც ჩვენი მანქანა წაიყვანეს, ჯგუფი ჩვენკენ წამოვიდა. ჩვენ გავიარეთ, გვეგონა, რომ გზაზე მსგავსი რამ კვლავ განმეორდებოდა. მარნეულიდან 10 კმ-ის გავლის შემდეგ, ჩვენ შურაველის პოლიციის განყოფილებასთან მივედით. შევედით და ვითარების შესახებ მოვუყევით, პასუხად გვითხრეს გზა გაგვეგრძელებინა და სადახლოს განყოფილებიდან დაგვხვდებოდნენ”, – ამბობს სამველი.
მისი თქმით, პოლიცია მათ სადახლოსთან დახვდა და სომხური დასახლების სოფლამდე მიაცილა.
როგორც არტურ სარგსიანი ამბობს, ისინი უკვე წლებია რეგიონში მშვიდობიანად ცხოვრობენ, რომ პროვოკაციები დაუშვებელია. “სიტუაციას ვიაზრებთ, ჩუმად ვართ, ჩვენ აქ უმცირესობა ვართ, ჩვენი ყველა საქმე დაკავშირებულია რაიონულ ცენტრთან, იქამდე რომ მივიდეთ აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი უნდა გავიაროთ”, – დაამატა არტურ სარგსიანმა.
დავამატებთ, რომ ეს ერთადერთი ინციდენტი არ არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. აღნიშნულ რაიონებში ცხოვრობენ, როგორც სომხები, ასევე აზერბაიჯანელები.
წყარო: Aliq.ge