ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა დღეს, 14 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა პარალიზებულია. მომიტინგეებს შორის არიან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები. აქციას შეუერთდნენ საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლები.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. ახალი არჩევნების დანიშვნის პარალელურად, ისინი ასევე მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნას და ყველა “პოლიტპატიმრის” გათავისუფლებას.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია უკვე მეოთხე მიტინგს მართავს. გასულ კვირას, მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან ცესკოს შენობისკენ გაემართნენ. იქ უსაფრთხოების ძალებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად. შეტაკებების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, 19 დააკავეს.

მთავარი განსხვავება დღევანდელ მოქმედებასა და წარსულ შეხვედრებს შორის ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ დიალოგი დაიწყეს არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე შედგა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით. ჯერჯერობით შედეგი არ მიუღიათ, თუმცა მხარეებმა დისკუსიების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და აცხადებენ, რომ არჩევნები მასობრივი დარღვევებით ჩატარდა და შედეგები გაყალბდა. რვავე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც წარმომადგენლობა მოიპოვეს მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, მანდატების დატოვებას აპირებს. გარდა ამისა, ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირება გადაწყვიტა.