„ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, „ქართული ოცნების” მხარდაჭერაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს.
რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე.
ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.
როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შერეული სისტემის თანახმად, ამომრჩეველს 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემის მიხედვით აერჩია. 150 მანდატისთვის ბრძოლაში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48,22% დააგროვა. მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკი, რომელშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ხმების 27,18%. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს 13-მანდატიან საარჩევნო ოლქში.
ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელისუფლებას მასობრივ დარღვევებსა და შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. რვავე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც წარმომადგენლობა მოიპოვეს მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, მანდატების დატოვებით იმუქრებიან. გარდა ამისა, ოპოზიციამ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს.