ისინი ჯავახეთის მოსახლეობის ხმებისათვის იბრძვიან. ვინ არიან ისინი, რა ბიზნესით არიან დაკავებულნი და რა ქონებას ფლობენ, რა განათლებით და გამოცდილებით არიან პოლიტიკაში – 2020 წლის საქართელოს საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატების შესახებ მრავალი სხვა ინფორმაცია JNEWS-ის მიერ დამზადებულ მასალაში იხილავთ.

წარმოგიდგენთ ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს და კანდიდატებს ჯავახეთიდან, რომლებიც პარტიული სიებით არიან წარმოდგენილი. კანდიდატებს საარჩევნო ნომრების ზრდის შესაბამისად წარმოგიდგენთ.

არსენ კარაპეტიან

პარტია “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისათვის” მაჟორიტარი კანდიდატი

ბიოგრაფია

დაიბადა 1982 წლის 19 ივლისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის სპეციალობით. დაოჯახებულია, ჰყავს 3 შვილი. 2002-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ანტიკორუფციულ განყოფილებაში. 2007-დან 2013 წლამდე ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ბიზნესი, საკუთრება ან ეკონომიკური საქმიანობა

2020 წლის 4 სექტემბერს უძრავი ქონების დარეგისტრირების 2 განაცხადი შეიტანა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიგრაშენში 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ახალქალაქში თუმანიანის ქუჩაზე ობიექტი, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების რეესტრში აღნიშნულია, როგორც საქართველოს სოციალური დაზღვევის ეროვნული სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის ოფისი.

2017 წელს დაარეგისტრირა ორი ორგანიზაცია- არაკომერციული იურიდიული პირები: ახალქალაქის კლუბი “OffRoad” და ახალქალაქის რაიონის სოფელ ბავრას დემოკრატიული მართველობის განვითარების ფონდი. ერთ-ერთ ორგანიზაციაში არის წარმომადგენელი, ხოლო მეორეში – გენერალური დირექტორი.

სხვა ბიზნესი და მეწარმეობა ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორადი ავტომობილების ბიზნესით არის დაკავებული.

პოლიტიკა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი იყო.
2020 წელს პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი.

კითხვები და პასუხები
1. რატომ გახვედით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან და “ევროპულ საქართველოში” შეხვედით?

2. გასულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენს გამარჯვებაში დარწმუნებული იყავით, მაგრამ ვერ გაიმარჯვეთ, რა შეიცვალა ახლა, რატომ ხართ კვლავ დარწმუნებული?

მათ შეხედულებებში ძალიან ბევრი რამ არ მომწონდა, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჯგუფში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს, თუ რა და როგორ. ეს მათი ლიდერის შესახებ. მეორე- არ მომწონდა ჩვენი რეგიონისადმი დამოკიდებულება, რომელიც დღეს გამომჟღავნდა. 2016 წელს ამ პარტიიდან ჩვენი ხალხისა და რეგიონისადმი დამოკიდებულების გამო გამოვედი.

– თავდაჯერებულობა და განწყობა ხალხისგან მოდის, არ ვაჭარბებ. დღეს მე მეტად დარწმუნებული ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ხალხი თეთრს და შავს, სწორს და არასწორს ერთმანეთისგან არჩევს. ხალხს ცვლილებები უნდა, და ამის გამოსავალი- მხოლოდ მე ვარ, ჩემი კანდიდატურა, რადგან, რასაც სხვები სთავაზობდნენ, ხალხს არ მოეწონა. კონკრეტულად მე ვთავაზობ სახელმწიფოსა და რაიონის მართვაში სრულუფლებიანი მონაწილენი იყვნენ…

დავიდ რსტაკიან
პარტია “ტრიბუნის” პროპორციული სიებით დეპუტატობის კანდიდატი. სიაში მე-13 ნომერი

ბიოგრაფია

დავიდ რსტაკიანი დაიბადა 1961 წელს. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. სპეციალობა- პროგრამისტი. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

ბიზნესი, საკუთრება ან ეკონომიკური საქმიანობა

დავიდ რსტაკიანს ბიზნესი არ აქვს, თუმცა 2013 წელს მისი მეუღლის, ლუსინე მურადიანის სახელზე დარეგისტრირებულია შპს “რიმლიანი”.

პოლიტიკური მოღვაწეობა

დავიდ რსტაკიანი ჯავახეთის ერთ-ერთი აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეა. 1999 წელს დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია “ვირკი”, რომელიც ვერ დაარეგისტრირა როგორც პარტია. 1998-2002 წწ.”მარცხენა პარტიის” მხრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო. 2006-2010 წწ. იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.

კითხვები და პასუხები

1. პოლიტიკურ არენაზე დიდი ხანია არ ყოფილხართ, რაში მდგომარეობს მიზეზი, კვლავ დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

2. რა მიზნით შეხვედით პარტიაში “ტრიბუნა”?

– მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ დიდი ხანი არ ვიყავი პოლიტიკაში, მე მუდამ ვიყავი, უბრალოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მაშინ უფრო აქტიური იყო, მეკითხებოდნენ, მე ვპასუხობდი. ამ რაიონის შესახებ ჩემზე მეტი არავინ იცის, და ჩემზე აქტიური ადამიანი, ამ რაიონში არავინ მეგულება.

– ჩვენს პოსტსაბჭოურ ისტორიაში არ იყო პარტია, რომელიც საქართველოს ყველა სომეხს გააერთიანებდა, როგორც იყო აშშ-ში, საფრანგეთში და სხვა. ყველგან სომხებს სერიოზული ლობი (ჯგუფი ან ორგანიზაცია) აქვთ, რატომ ვერ ვახერხებთ საქართველოში ამის შექმნას? დღეს, მჭიდრო ურთიერთობები ჩემს პარტიასთან მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ისეთი ძალის შექმნა, რომელიც ნამდვილად იქნება ინტეგრირებული საქართველოს სტრუქტურებში, ამ შემთხვევაში ხალხს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებოდა. მე ვფიქრობ, რომ ჯავახეთის რეალური განწყობა პარლამენტში არასდროს არ იყო წარდგენილი, რადგან დეპუტატების არჩევა სახელმწიფო სტრუქტურების შუამავლობით ხდებოდა.

მელიქ რაისიან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატი

ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წელს. დაამთავრა ერევნის ეროვნული მეურნეობის უნივერსიტეტი. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი. პოლიტიკაში შესვლამდე, 1993 წლამდე, ახალქალაქში, რუსულ სამხედრო ბაზაზე მუშაობდა.

ბიზნესი, საკუთრება ან ეკონომიკური საქმიანობა

2013 წელს დაარეგისტრირა არაკომერციული იურიდიული პირი “სამართლიანობა და კანონი”.

ფლობდა შპს “ეი ჯი ტრეიდ ჰაუსის” 50%-ს, რომელიც დარეგისტრირებულია 2009 წელს და 2010 წელს რეგისტრაციაზე უარის შედეგად, ლიკვიდირებული იყო. ასევე არის შპს “ალექს იმპორტ კომპანიის” ხელმძღვანელი და მფლობელი.

2008 წელს შვილის, კარლოს რაისიანის სახელზე, დაარეგისტრირა ახალქალაქი-ბაკურიანის გზაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური, ასევე ახალქალაქში, ახალციხის გზატკეცილზე- ობიექტი, რომელიც საჯარო რეესტრში მაღაზიად არის აღნიშნულია.

“გაზ კანტორის” დიდი შენობა თავისუფლების ქუჩის 104 მისამართზე, რეგისტრირებულია აქციონერულ საზოგადოება “რაი-სგ”-ზე, ხოლო თამარ მეფის ქუჩა 56-ში მდებარე “საყოფაცხოვრებო სახლის” დიდი შენობა გიორგი მხჩიანის სახელზეა წარმოდგენილი.

პოლიტიკური ცხოვრება

1993 წლიდან პოლიტიკაშია, იყო პარტია “მოქალაქეთა კავშირის” წევრი. დეპუტატად სამჯერ იყო არჩეული: 1995, 1999 და 2003 წელს.
პირველად 1993 წელს შერჩეული იყო პარტია “მოქალაქეთა კავშირის” მაჟორიტარული სისტემით, მეორედ 1999 წელს იგივე პარტიის მაჟორიტარი სისტემით იყო შერჩეული და მესამეჯერ 2003 წელს- პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” პროპორციული სისტემით წარსდგა.

2012 წელს პარტია “ქართული ოცნების” წევრი გახდა და იგივე წელს მისზე ძებნა გამოცხადდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, 2013 წლის თებერვალში საქართველოში დაბრუნდა.

2017 წელს პარტია “კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობიდან” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად იყო წარდგენილი.

კითხვები და პასუხები
1. რატომ ვერ მოხერხდა “ქართულ ოცნებასთან” თქვენი თანამშრომლობა, თქვენ ხომ იმ მცირე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყავით, რომლებმაც სააკაშვილის დროს ახალქალაქში ოპოზიციის მხარდაჭერა “გაბედეთ”?

2. მიხეილ სააკაშვილთან პრობლემები გქონდათ, როგორ მოხდა, რომ ახლა მასთან თანამშრომლობა დაიწყეთ?

მე მუდამ ვიბრძოდი, რომ საქართველოს კონსტიტუციას ემუშავა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მაგრამ ის არ მუშაობს. ჩემთვის პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, ის პარტია, რომელიც კანონს და დემოკრატიას დაუბრუნებს ხალხს- მისკენ ვარ. “ოცნება”- ფეიკ-პარტიაა, ისინი მოვიდნენ, რომ სააკაშვილის უკანონო ქმედებები აღმოფხვრან, თუმცა მათ ეს უფრო მეტად ჩააღრმავეს. მე პოლიტიკური მოღვაწე ვარ, მე მჭირდება პლატფორმა, იმ პარტიას, რომლის აზრებიც ჩემსას ემთხვევა, მე ვღებულობ, მეორე საკითხია- იტყუებიან თუ არა ისინი..

– სააკაშვილი ახლა ამბობს, რომ შეცდომების გამოსწორება უნდა. ახლა მე ყველა მეუბნება: “მოხსენი შენი კანდიდატურა”, რატომ უნდა მოვხსნა? ენზელი, სამველი, არსენი- ყველა სააკაშვილის წყალობით გამდიდრდა. შევარდნაძე, ივანიშვილი, ზურაბიშვილი, გახარია განა არ იტყუებიან, ისინი განა სომხეთისკენ არიან, რატომაა ჩვენი მოსახლეობა კონცენტრირებული სააკაშვილზე? ყველა ტერიტორიული მთლიანობის მომხრე იყო. ტელეანძა აზერბაიჯანის ფერებში რატომ გააშუქეს? ისინი სომხეთისაკენ არიან, ხოლო სააკაშვილი არა?

სამველ პეტროსიანი
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი პარტიული სიებით, სიაში მე-14 ნომერი

ბიოგრაფია

სამველ პეტროსიანი 1954 წელს დაიბადა. დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი. 1984 წლიდან 1988 წლამდე ახალქალაქში კომსომოლის სფეროში მუშაობდა.
2006-2008 წლებში ახალქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო.

ბიზნესი, საკუთრება და ეკონომიკური საქმიანობა

2005 წლის 24 ოქტომბერს დაარეგისტრირა არაკომერციული იურიდიული პირი “ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმი”. 2002 წელს არაკომერციული ორგანიზაცია “მოძრაობა თავისუფლებისათვის” საბჭო, რეგისტრირებულია შვილის, გიორგი პეტროსიანის სახელზე.

სამეწარმეო საქმიანობა და ოფიციალური ბიზნესი არ აქვს დარეგისტრირებული. შვილის, გიორგი პეტროსიანის სახელზე დარეგისტრირებულია ჯავახიშვილის 11(ვ) მისამართით მდებარე ობიექტი, რომელშიც კაფე “გოლდი” ფუნქციონირებს. ასევე, გიორგი პეტროსიანის სახელზე დარეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი სოფელ ხანდოში და ყოფილ სამხედრო ქალაქში ბინა №480 შენობაში, სახლი 15. რუსთაველის 19/1 მისამართის ობიექტი (ამჟამად საქართველოს ფოსტა მდებარეობს), რომელიც ორივე შვილს ეკუთვნის.

ახალქალაქში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეტროსიანების ოჯახი სამშენებლო მასალების მაღაზიის თანამფლობელია, რომელიც ახალქალაქი-ბაკურიანის გზაზე მდებარეობს, და ყოფილ სამხედრო ქალაქში “რუსიჩის” შენობებს ფლობს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.

პოლიტიკური საქმიანობა

1991 წლიდან ახალქალაქის პრეფექტი იყო. 2012 წლიდან 2016 წლამდე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2015 წელს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გამოვიდა. 2017 წელს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პარტიაში შევიდა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად იყო შერჩეული.

კითხვები და პასუხები

1. 2016 წელს თქვენ “ქართულ ოცნებასთან” დაიწყეთ თანამშრომლობა, თქვენს შვილს ამ პარტიის სიებით უნდა ეყარა კენჭი, რატომ ვერ შედგა “ოცნებასთან” თქვენი თანამშრომლობა?

2. რატომ აირჩიეთ პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”?

– მე “ოცნების” მხარეს არ ვყოფილვარ, უბრალოდ საკითხები იყო, და რასაკვირველია, მე ეს საკითხები ხელისუფლებასთან უნდა მომეგვარებინა. ამიტომ მინდოდა მათთან თანამშრომლობა. ახლა, თუ რაიმე საკითხი მექნება, მე ისევ ხელისუფლებას მივმართავ. მათ მე მომატყუეს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მომატყუეს, მე ვფიქრობ, რომ მათ ძალაუფლება უნდოდათ, მთელი ფინანსური ბლოკის ხელში აღება სურდათ, ამიტომ მე შემავიწროვეს. და ამიტომაც ჩვენი ურთიერთობები გაფუჭდა, მეტი არაფერი.

– მე “ალიანსი” ავირჩიე, რადგან ისინი სომხებს ხელს უწყობენ, დღეს ისინი იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელიც გენოციდს აღიარებს, და ეს პოლიტიკა მათ ჩემს გაცნობამდე შემოიღეს. ისინი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებულ პოლიტიკას ატარებენ.

არტაშეს აკოპიან
პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი კანდიდატი

ბიოგრაფია

არტაშეს აკოპიანი 1976 წლის 20 თებერვალს დაიბადა. სოფლის მეურნეობის სპეციალობით საშუალო-ტექნიკური განათლება აქვს მიღებული. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

არტაშეს აკოპიანის სახელზე არავითარი ბიზნესი ან ეკონომიკური საქმიანობა არ არის დარეგისტრირებული.

პოლიტიკური საქმიანობა

არტაშეს აკოპიანი – ახალი სახეა, როგორც საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე ჯავახეთში.

კითხვები და პასუხები

1. რატომ აგირჩიათ თქვენ “პატრიოტთა ალიანსმა” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის სახით?
2. რატომ შეხვედით პოლიტიკაში?

– ჩვენი პარტიის პროგრამაში არის ბევრი რამ, რაც, ჩემი აზრით, ჯავახეთს და სომხებს აინტერესებს, “ალიანსი” გენოციდის აღიარების მომხრეა, ის რუსეთთან საზღვრებს გახსნის, ზოგადად, მე მათი პროგრამა მომეწონა.

– დიახ, მე პოლიტიკიდან შორს ვიყავი, ჩვენ იმდენ ყურადღებას არ გვაქცევდნენ, რამდენიც საჭირო იყო, და ვიფიქრე, რომ შემიძლია მოსახლეობისათვის ვიყო სასარგებლო, თუკი ამირჩევენ.

სამველ მანუკიან
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი

ბიოგრაფია

დაიბადა 1976 წელის 6 ნოემბერს. დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო, შრომითი სამართლის სპეციალობით. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

ბიზნესი, საკუთრება ან ეკონომიკური საქმიანობა

2003 წლიდან რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე. შპს “გეოფუდის” 50%-ის, ასევე შპს “გრანდის” 50%-ის და შპს “კრისტალის” 50%-ის თანამფლობელია.

კანდიდატის სახელთან დაკავშირებული საკუთრება: თავისუფლების ქუჩა 63/1 მისამართით ობიექტი ( პლასტიკური კარ-ფანჯრის ქარხანა), რომელიც დარეგისტრირებულია არმენ პასპანდიანის სახელზე. დავით აღმაშენებლის 6 ნომერში 2000 კვ.მ. ფართობი სახლითა და ავტოფარეხით, ასევე საკუთრება თავისუფლების 41 მისამართზე, აღავნიკ მანუკიანის სახელზე.

ახალციხეში 3 საცხოვრებელი სახლი: კოსტავას 163 ნომერი, ბინა 1, კოსტავას 45, ბინა 5 და ორბელიანის 6 ნომერში— ყველა საცხოვრებელი სახლი სხვადასხვა პირზეა დარეგისტრირებული, რუსთაველის 41 ნომერში მდებარე საკუთრება, სერგო მანუკიანის სახელზე ფიქსირდება.

პოლიტიკური ცხოვრება

სამველ მანკიანი პირველად 2016 წელს შევიდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და პროპორციული სისტემით პარტია “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატი გახდა.

კითხვები და პასუხები

1. თქვენ არ იძლევით დაპირებებს. რატომ უნდა აგირჩიოს ხალხმა თქვენ?

2. თქვენი პოლიტიკაში მოსვლა იყო მოულოდნელი. თქვენ თავიდან ენზელ მკოიანთან ერთად იყავით, ახლა თქვენ კონკურენტები ხართ, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

– ხალხი 21 წელი დაპირებებით ცხოვრობდა, და ახლა მე ვფიქრობ, რომ დაპირებები არ არის საჭირო, საქმის კეთებაა საჭირო, ჩვენ ხალხს დაპირებებს არ ვაძლევთ. დაპირებების გამო ხალხი შეცდა და ხმა მისცა მათ, ახლა მათ აღარ სურთ შეცდნენ.

– მე ენზელ მკოიანს კონკურენტად არ ვთვლი, ის ოპოზიციურად არის განწყობილი, ხელისუფლებამ გასულ წლებში ბევრი გააკეთა, ხელისუფლება მოიგებს, და მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მე კონკურენტებს ვერ ვხედავ.

სუმბათ კიურეღიან
პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიების დეპუტატობის კანდიდატი. სიაში 37-ე ნომერი

ბიოგრაფია

სუმბათ კიურეღიანი დაიბადა 1968 წლის 8 მარტს. დაამთავრა ერევნის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი აგრონომის სპეციალობით. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

ბიზნესი, საკუთრება ან ეკონომიკური საქმიანობა

ქალიშვილი – მარგარიტა კიურეღიანი – შპს “მეგობრობის” 100%-ის მფლობელია, ასევე 2015 წელს დარეგისტრირებულია “რკ სსკ” კოოპერატივის თავმჯდომარედ. შვილის, მარგარიტა კიურეღიანის სახელზე დარეგისტრირებულია საკუთრება სოფელ გორელოვკაში.
კანდიდატი სოფელ გორელოვკაში და ჯიგრაშენში სხვადასხვა მიწის ნაკვეთებს ფლობს, დეკლარირებულია 172ჰა-ზე მეტი მიწა.

პოლიტიკური საქმიანობა

2013 წლიდან დეპუტატობის კანდიდატურის წამოყენებამდე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

კითხვები და პასუხები
1. რატომ მიისწრაფვით ცენტრალურ ხელისუფლებაში- პარლამენტში, რამდენად მზად ხართ ამისთვის?

2. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ ენზელ მკოიანის კანდიდატურა არ წამოაყენა, მერიის 26 თანამშრომელმა, საკუთარი ნებით, სამსახურის დატოვებაზე განაცხადი შეიტანა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს იყო სამსახურიდან გათავისუფლება, თქვენ რას იტყვით?

– მე არ მივისწრაფვი ხელისუფლებაში, მათ მე ამირჩიეს, ჩათვალეს საჭიროდ, და მე დავთანხმდი.

– მერიის თანამშრომლების მასობრივ განთავისუფლებას მკოიანთან ნუ აკავშირებთ, ეს შემსრულებელ ორგანოსთან არის დაკავშირებული, ხალხს მუშაობა არ უნდოდა, ალბათ, თქვენნაირად ისინიც ფიქრობდნენ, რომ რადგან მკოიანის ახლობლები იყვნენ, ხელისუფლებასთან მუშაობა არ უნდოდათ. ვფიქრობ, რომ ეს ან მკოიანის ან პოლიტიკური თემა არ არის, უბრალოდ, ალბათ, დრო მოვიდა, მიხვდნენ, რომ განცხადება უნდა დაეწერათ.

ენზელ მკოიანი
დამოუკიდებელი კანდიდატი

ბიოგრაფია

ენზელ მკოიანი დაიბადა 1959 წლის 3 მარტს. დაამთავრა ერევნის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზების სპეციალობით. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

ბიზნესი, საკუთრება ან ეკონომიკური საქმიანობა

საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენია. თუმცა, საკუთრებისა და ეკონომიკური საქმიანობის ღია ბაზებში კანდიდატზე მხოლოდ ახალქალაქის სახლია რეგისტრირებული. მკოიანების ოჯახს ეკუთვნის კომპანია SJGC-ს აქციების 40%.
კომპანია “Meeki” ეკუთვნის: 25% – ნორაირ მკოიანს, 25 % – დავიდ მკოიანს, 50 % – მარტუნ მკოიანს.

კომპანია “Dekmaka”: 36% – კარაპეტ მკოიანი, 32% – მარტუნ მკოიანი, 7% – ნორაირ მკოიანი, 9% – მანუელ მკოიანი, 7% – ედუარდ მკოიანი.

კომპანია “ენერგია”: 80% მარტუნ მკოიანი, 20% – ედუარდ მკოიანი.

კომპანია “კარო”: 50% – კარაპეტ მკოიანი, 50% – მარტუნ მკოიანი.

მკოიანის ოჯახზე ახალქალაქის, ნინოწმინდის, თბილისის, ბათუმის ბევრი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.

შვილის, კარაპეტ მკოიანის სახელზე დარეგისტრირებულია ქონება ვაჩიანის ტრასაზე, ახალქალაქში ( ახალქალაქის ციხესთან ახლოს)- 1517 კვ.მ, აღმაშენებლის 2 ნომერში- ბენზინგასამართი სადგური- 1200 კვ.მ., ნინოწმინდაში, აღმაშენებლის 41 ნომერში დარეგისტრირებულია საკუთრება შპს “კარო” 8723 კვ.მ. ფართობით. თბილისში, იაკობ წერეთლის 2 ნომერში დარეგისტრირებულია ქონება “კარპუხი 2005”-ის სახელზე (საჯარო რეესტრში ამ კომპანიის მოძიება ვერ მოხერხდა) 2588 კვ.მ. ფართობის, სადაც 1788 კვ.მ.- საცხოვრებელი ნაწილია, პარკინგი- 324 კვ.მ., ვერანდა- 330 კვ.მ., კიბეები და დარბაზი- 145,10 კვ.მ.

ძმას, მარტუნ მკოიანს, ახალქალაქში შაუმიანის 1 ნომერში აქვს 4200 კვ.მ. ფართობის ქონება, ახალქალაქში, ფარავნის სანაპიროსთან მდებარე- მიკროჰესი 5767 კვ.მ. ფართობით, ერევანიანის 44 ნომერში სახლი, ძნელაძის 38 ნომერში, აღმაშენებლის 17 ნომერში საკუთრება, ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩის 27 ნომერში სახლი.

ედუარდ მკოიანის სახელზე დარეგისტრირებულია მშენებარე სასტუმრო ბათუმში. დარეგისტრირებულია ასევე საკუთრება თბილისში შპს “მმ”-ის სახელზე, რომელიც ასევე ვერ მოიძებნა ბიზნეს რეესტრში.

პოლიტიკური მოღვაწეობა

ენზელ მკოიანი საქართველოს პარლამენტში დეპუტატად 5-ჯერ იყო შერჩეული. პირველად 1999 წელს დამოუკიდებელი კანდიდატის სახით აირჩიეს. მეორედ (1999-2007) შევარდნაძის მართველობის დროს დამოუკიდებელი კანდიდატის სახით შეირჩა. 2008 და 2012 წლებში შერჩეული იყო “ნაციონალური მოძრაობა” პარტიის მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატის სახით. 2014 წელს “ქართული ოცნების” პარტიაში გადავიდა. 2016 წელს პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მხრიდან მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

კითხვები და პასუხები

1. 21 წელი თქვენ მმართველი ხელისუფლების მხარეს იყავით და ამბობდით, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, ახლა ამბობთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, რა შეიცვალა?

2. თუ ხართ მზად კვლავ ითანამშრომლოთ მართველ ელიტასთან?

– 21 წელი ვიყავი პარლამენტის წევრი. 2-ჯერ დამოუკიდებელი კანდიდატის სახით გავედი, მაგრამ ხელისუფლების გვერდში ვიდექი. დღეს, მე უპარტიო ვარ და შემიძლია ხელისუფლების გვერდში დგომა. მე ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან ორჯერ დამოუკიდებელი კანდიდატის სახით გავედი, და ხელისუფლების გვერდში ვიდექი და 21 წლის განმავლობაში შეცდომა არ დამიშვია, რომ ხმის მიცემის დროს წითელზე დავაჭირო ან მათ წინააღმდეგ გამოვსულიყავი, მუდამ ვთანამშრომლობდი ხელისუფლებასთან, მაგრამ ისინი ჩემს მიმართ უსამართლოდ მოიქვნენ.

– მე ცუდად გამაცილეს და გარანტია არ მაქვს, რომ სხვებსაც იგივენაირად არ მოექცევიან. მათ ჩემს წინააღმდეგ ის ადამიანები გააერთიანეს, რომლებიც წლების განმავლობაში ძირს მითხრიდნენ. პირველ წლებში “ოცნების” მმართველობა დემოკრატიული იყო, უკანასკნელ ორ წელიწადში- უკვე აღარ.

ყველა მონაცემი საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების ღია ბაზაზეა დაფუძნებული.