16 ოქტომბერს, თბილისში, სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირების მონაწილეობით, მშვიდობის ლოცვა ჩატარდა.
დღეს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, რომელშიც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, სომეხ და აზერბაიჯანელ სასულიერო პირებმა მიიღეს მონაწილეობა, მთიანი ყარაბაღის მშვიდობისათვის ილოცა.
მათ წაიკითხეს ნაწყვეტები სახარებიდან და ყურანიდან ქართულ, სომხურ, ეზიდურ და არაბულ ენებზე.
ეკლესიის ცნობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამღვდელოებამ მშვიდობის ტაძარს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობიანი მომავლის იმედი გამოთქვა.
“ჩვენ, სამღვდელოება, მშვიდობის საკათედრო ტაძარში შევიკრიბეთ, შევთანხმდით, რომ ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ დასრულდება, ყოველ შაბათს, 19:00 საათზე, მშვიდობის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ ერთობლივ ლოცვას, რომელსაც მორიგეობით აზერბაიჯანელები და სომხები, ქართველები და სომხები გაუძღვებიან”, – ნათქვამია ლოცვის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი მოუწოდებდნენ ყველა ეკლესიას, სინაგოგას, მეჩეთსა და ტაძარს, რომ ყოველ შაბათს, 19:00 საათზე, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულებამდე, მშვიდობის ლოცვები აღავლინონ.