დღეს, 13 ოქტომბერს, ნინოწმინდაში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიის ახალქალაქის-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენა შედგა.
კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდის კულტურის სახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ დაახლოებით 14:00 საათზე ჩატარდა. ესწრებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები: საქართელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე, ნინოწმინდის პარტიების წარმომადგენლები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები.
კანდიდატის წარდგენის ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ის მიესალმა ნინოწმინდელებს და თქვა, რომ ნინოწმინდაში ყოფნა და ნინოწმინდისა და საქართველოს სამომავლო პროგრამებზე საუბარი მისთვის დიდი პატივია.
“ჩვენ ვიცით, რომ ნინოწმინდისათვის პირველი პრობლემა- წყალგაყვანილობაა, ვიცით, დავიწყებთ და დავამთავრებთ წყალგაყვანილობით, რათა საცხოვრებლად ნორმალური პირობები შეიქმნეს. საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას დავიწყებთ. ამაში პროგრესი უკვე გვაქვს, 4000ჰა მიწა უკვე ირწყვება. ნინოწმინდაში ტურიზმს განვავითარებთ. ფარავნის ტბა, ფოკის მონასტერი- ეს ის ადგილებია, სადაც საერთაშორისო ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ რა ისტორიული ძეგლი გვაქვს”,- თქვა გიორგი გახარიამ.
ამის შემდეგ სიტყვით წარსდგა საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ირაკლი კობახიძე. საუბარში მან აღნიშნა, რომ მაჟორიტარი კანდიდატი სამველ მანუკიანი და “ოცნების” სიების კანდიდატი,სუმბათ კიურეღიანი- ძლიერი და ღირსეული კანდიდატები არიან.
კახა კალაძემ, თავის მხრივ, წარადგინა კანდიდატი, თუმცა შეეშალა და სამველ მანუკიანის ნაცვლად პეტროსიანის გვარი დაასახელა, რომელიც ოპოზიციური პარტიის კანდიდატია. შემდეგ მოიბოდიშა და განაგრძო:
“მსურს იმ ადამიანის წარდგენა, რომელიც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია, სადაც თქვენს პრობლემებს და რეგიონის პრობლემებს წარადგენს, და კარგად იცის, რა გააკეთოს იმისათვის, რომ ნინოწმინდაში და ახალქალაქში უკეთესი პირობები იყოს”.
ამის შემდეგ წარდგა თვითონ კანდიდატი, სამველ მანუკიანი. სტუმრებს და შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო ენაზე მიესალმა და შემდეგ მშობლიურ ენაზე განაგრძო სიტყვა.
“მე “ქართულ ოცნებას” მადლობას ვუხდი ნდობისათვის, ჩემთვის დიდი პატივია მაჟორიტარი დეპუტი ვიყო ქალაქში, სადაც ორი ერი, სომხები და ქართველები, საუკუნეების მანძილზე ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობდნენ. გასული წლების განმავლობაში ნინოწმინდაში სახელმწიფოს მიერ ჩატარებული პროგრამების სიხშირე გაიზარდა”,-თქვა სამველ მანუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და პროგრამების შედეგობრივ ჩატარებას უზრუნველყოფს.
დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას. 2014-დან 2020 წლამდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 52 კოოპერატივია შექმნილი. ტარდება სამელიორაციო სამუშაოები, 2013-დან 2019 წლამდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მელიორაციისათის დახარჯული თანხა 4 230 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” გაგრძელდება. 2016 წელს გაზიფიცირებული იყო სოფელი ფოკა”,- თქვა სამველ მანუკიანმა.
მან, გასული წლების განმავლობაში ნინოწმინდაში ჩატარებული სამუშაოების ჩამონათვალი წარადგინა.
საკუთარი გამოსვლა კანდიდატმა დაასრულა სიტყვებით იმის შესახებ, რომ ნინოწმინდის პრობლემებს კარგად იცნობს და საქართველოს პარლამენში ნინოწმინდასა და ნინოწმინდელებზე იზრუნებს.