ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურის სახლები ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა კულტურის სახლის გასარემონტებლად მუნიციპალიტეტების სოფლებს საკმარისი სახსრები არ აქვთ.

კულტურის სახლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 32 სოფელშია და მათ კაპიტალური რემონტი ესაჭიროებათ. ზოგიერთ სოფელში კულტურის სახლები სარიტუალო სახლების ფუნქციასაც ასრულებენ, მაგალითად, სოფელ კოკიაში, ხორენიაში, სულდასა და მურჯახეთში.

სოფელ სამსარში, ოლავერდში, კარტიკამში, მერენიასა და ბარალეთში შენობები საერთოდაც დანგრეულია. ზოგიერთი კულტურის სახლის სავალალო მდგომარეობის შესახებ JNEWS-მა მასალა არაერთხელ გამოაქვეყნა.

3-4 წლის წინ, 32 კულტურის სახლს შორის, ნაწილობრივ გარემონტდა სოფელ ვაჩიანის, მურჯახეთის, ალასტანის, ბეჟანოს, დილისკისა და აბულის კულტურის სახლები. სოფელ დილისკის გარდა, ყველა კულტურის სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს.

“სოფლების კულტურის სახლებში ყველა მომუშავე პერსონალი ასრულებენ დარაჯის, დირექტორის და სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციებს, რაზედაც, მათი ხელზე ასაღები ხელფასი 134 ლარს შეადგენს. რა უნდა მოსთხოვო მათ? მაგრამ მიუხედავად დანგრეული შენობისა და პირობების არარსებობისა, ამ ყველა კულტურის სახლში მოქმედებს ქართული და სომხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ამასთანავე, ისინი ყოველ წელს, ჩვენ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, “ჯავახეთის გაზაფხულში” მონაწილეობენ”,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების გაერთიანების დირექტორი, ალიკ ქსპოიანი.

ზოგიერთ სოფელში მისი ყოფილი მოსწავლეები ასწავლიან, თუმცა ძირითადად, ბავშვებს ქალაქელი ხელმძღვანელები კერძო ანაზღაურებით ასწავლიან.

ალიკ ქსპოიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის გამოსავალი ნაპოვნია, ამ საკითხის გადაწყვეტისათვის სხვა გზების მოძიებაა საჭირო, კერძოდ, საკითხს განვითარებული ევროპის თვალთახედით უნდა შევხედოთ.

“ბიუჯეტის გადანაწილების დროს, საზღვარგარეთის მსგავსად, კულტურასაც უნდა გამოუყონ სახსრები. 5-6 წლის წინ ახალქალაქის კულტურის სახლის გარემონტებისათვის 1მლნ ლარი გამოგვიყეს, მაგრამ რემონტი არ გააკეთეს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენს მუნიციპალიტეტში იმდენი სხვა პრობლემაა. რომ ვიცოდე შეუძლიათ კულტურის სახლების გარემონტება და ამას არ აკეთებენ, რადაც არ უნდა მიღირდეს, ვიბრძვი, მაგრამ ვიცი, რომ მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა არ აქვს. უბრალოდ ყოველ წელს ნაწილობრივ უნდა გააკეთონ რემონტი, მაგალითად -“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” სახსრებით”,- კომენტარს აკეთებს ის.

სოფელ ვაჩიანის ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, ნასლეთ ქეიანი თვლის, რომ მუნიციპლაიტეტში კულტურის განვითარებას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ.

“მთელ რაიონში არ არის არცერთი სცენა ან ღია დარბაზი, რომ სადმე კონცერტი ან ღონისძიება დავგეგმოთ. ახალქალაქის კულტურის სახლიც ცუდ მდგომარეობაშია, ცივა, გათბობა გაიყვანეს, თუმცა არ რთავენ, არ არის განათება, ტექნიკური აღჭურვილობა დაძველდა”,- ამბობს ნასლეთ ქეიანი.

კულტურის სახლის პატარა სცენა, რომელსაც დიდი სცენის ჩანაცვლება შეეძლო, სარდაფად არის ქცეული.

წელს, სოფელ ბარალეთში კულტურის სახლის ნაწილობრივი რემონტის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აღნიშნულ ტენდერს უკვე მეორედ აცხადებენ, რადგან პირველ ჯერზე მონაწილეები არ ჰყავდა. ტენდერში მონაწილეობის განაცხადის შეტანა 28 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა 37 680 ლარი გამოყო.