ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, პარტიულ სიაში 120-დან 200 ადამიანამდე უნდა იყოს, ხოლო სიის ყოველ ოთხეულში ერთი ქალი აუცილებლად უნდა იყოს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკებისთვის პარტიული სიის წარდგენის წესები განსაზღვრა, რომელიც პარტიებმა 1 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია დარეგისტრირებული.
ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, პარტიულ სიაში 120-დან 200 ადამიანამდე უნდა იყოს. სიის ყოველ ოთხეულში ერთი ქალი აუცილებლად უნდა იყოს.
შესაძლებელია სიაში მაჟორიტარი კანდიდატის შეყვანაც. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამასთან, პირს უფლება არ აქვს ერთდროულად ორ პარტიულ სიაში იყოს.
პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლი, ფოტოსურათი, ცნობა იმის შესახებ, რომ მას თანამდებობის დაკავების უფლება ჩამორთმეული არ აქვს.
სიებში ასევე, მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, პარტიულობა, ცნობა საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე ცხოვრების შესახებ, თანხმობა, რომ იგი მზადაა კენჭი იყაროს კონკრეტული პარტიის ან ბლოკის სახელით.
პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარლამენტში საქმიანობის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ყველა კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.