ახალქალაქში 6-დან 7 თებერვლის ღამეს, ქორწილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავი ორგანოების მიერ კვალიფიცირებულია, როგორც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ქორწილში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, სამი ახალგაზრდა ადამიანი მძიმე ჭრილობებით გადაყვანილ იქნა ქალაქის რაიონულ საავადმყოფოში. დაჭრილები 21, 23 და 26 წლის ბიჭები არიან.
საავადმყოფოში სამივეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ადგილობრივმა ექიმებმა მათი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
ორი მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში თბილისში გადაიყვანეს. მესამე ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია.
აღნიშნულ ფაქტზე დამნაშავეების მოძიებისათვის პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო სამუშაოებს ახორციელებენ. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დანაშაული ისჯება «თავისუფლების აღკვეთის ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ».