სამველ მანუკიანის მტკიცებით, TI-Georgia-ს ანგარიშში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ღია წვდომაში არსებულ მონაცემებზეა დაფუძნებული. თუმცა, დეპუტატი არ ეთანხმება იმას, რომ ეს საქართველოს კანონდარღვევად ითვლება.
სამველ მანუკიანის თქმით, არის 3 კომპანია, სადაც ის თანამფლობელია. ის არ თვლის, რომ ბიზნესის ქონა კანონს არღვევს.
“რომელ კანონზეა საუბარი? მე ამ კანონის შესახებ არ ვიცი, ამიხსენით. კანონით, დეპუტატს კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეუძლია. მე არ ვხელმძღვანელობ. მე ვარ აქციონერი, მფლობელი. ხელმძღვანელობს დირექტორი. მე ამის გაკეთება ფორმალურად შემეძლო- გადამეცა შვილისთვის და ა.შ. მაგრამ რა საჭიროა თვალთმაქცობა? და შემდეგ იმის თქმა, რომ ეს ჩემი ძმის კომპანიაა. ყველამ იცის, რომ ეს ჩემი კომპანიაა. კანონში, ზუსტადაც, ნებადართულია საკუთრების ქონა, არ შეიძლება საკუთრებით ხელმძღვანელობა. მე არ ვთვლი, რომ ფორმალობები უნდა დავიცვა. მე არაფერი მაქვს დაფარული. არაფერია ჩაწერილი ჩემს მეუღლეზე, შვილზე, ბიძაზე. რასაც ხედავს ხალხი- ის მაქვს და მეტი არაფერი. და დასამალი არაფერი მაქვს. არ მინდა ცრუ ქმედებები, ტყუილი. თუ მე ამ კომპანიებში 50% წილი მაქვს, და მას გადავცემ, მაინც არაფერი მაკლდება”,- JNEWS-თან ინტერვიუში თქვა სამველ მანუკიანმა.
მან დაადასტურა ისიც, რომ სახელმწიფო ფინანსებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ის, რაც დღესდღეობით გამაჩნია, ამ 50%-დან მეძლევა. ხვალ თუ შემეკითხეს, საიდან გაქვს ფული, სადიდან გყავს მანქანა, რომელსაც ატარებ? მე კანონი არ დამირღვევია. ჩვენს ყოველ კომპანიას ჰყავს დირექტორი, რომელიც მას ხელმძღვანელობს. მე 50%-ის მფლობელი ვარ- ეს ასეა. ჩემი არცერთი ბიზნესი სახელმწიფო შესყიდვებთან არ არის დაკავშირებული. მუდამ სხვებზე წერენ, რომ სახელმწიფოსგან 10 მლნ აიღო, სხვებთან სახელმწიფო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჩემთან მსგავსი არაფერი არ არის”,- ამბობს დეპუტატი და საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი.
მანუკიანის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის პარლამენტში იყრიდა კენჭს, მან ხელმძღვანელობა სხვას გადასცა. უკვე ოთხი წელია ის მხოლოდ თანამფლობელია, რაც სრულიად კანონიერია.
2020 წლის 11 სექტემბერს “Transparency International Georgia” (TI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების, მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობის, და ამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. სხვა დანარჩენ კანდიდატებს შორის, მოხსენებაში, ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტეტობის კანდიდატი, სამველ მანუკიანიც იყო წარმოდგენილი.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი და ამჟამად, საქართელოს პარლამენტის დეპუტატი, სამველ მანუკიანი 3 კომპანიაში ფლობს წილებს: შპს „გრანდი“ – 50%, შპს „კრისტალლი“ – 50% და შპს „გეოფუდი“ – 50%. იგი პარლამენტის მოქმედი წევრია და მის საკუთრებაში არსებული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მას ეს წილები მართვის უფლებით დროებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.