2020 წლის 11 სექტემბერს “Transparency International Georgia” (TI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების, მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობის, და ამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების შესახებ მოხსენებას წარმოადგენს. სხვა დანარჩენ კანდიდატებს შორის, მოხსენებაში, ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტეტობის კანდიდატი, სამველ მანუკიანიც არის წარმოდგენილი.

“Transparency International Georgia”-ს (TI) მიერ მოხსენებაში წარმოდგენილია მაჟორიტერების კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში (2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე) ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულებები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი და ამჟამად, საქართელოს პარლამენტის დეპუტატი, სამველ მანუკიანი 3 კომპანიაში ფლობს წილებს: შპს „გრანდი“ – 50%, შპს „კრისტალლი“ – 50% და შპს „გეოფუდი“ – 50%. იგი პარლამენტის მოქმედი წევრია და მის საკუთრებაში არსებული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მას ეს წილები მართვის უფლებით დროებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

სამველ მანუკიანმა 2016 წელს მმართველ პარტიას 45,000 ლარი შესწირა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი).

ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან. მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მთლიანობაში მათ „ქართულ ოცნებას“ 740,826 ლარი შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გეორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ხახუბია, ანზორ ბოლქვაძე და მათ შორის, სამველ მანუკიანი.

მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში “ქართულ ოცნებას” 3,702,826 ლარი შესწირეს.

მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ლარი; ზაალ დუგლაძე – 990,000 ლარი; ირაკლი ხახუბია 458,000 ლარი; დავით სონღულაშვილი – 340,000 ლარი; და ბეჟან წაქაძე – 320,000 ლარი.

სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ლარი(ტენდერი – 623,450 ლარი; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ლარი).

მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ლარიდან შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ლარიდან – სახელმწიფო საწარმოებს წილები.

ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ლარს.

მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.

30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.

6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.

გასათვალისწინებელია, რომ “Transparency International Georgia” მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.