საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა იკრძალება და აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული ქმედებები ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
“არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”, — აღნიშნულია კანონპროექტში.
ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სანქციები მკაცრდება ამომრჩეველთა იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. სხვადასხვა პარტიის ლიდერები იმ მოსაზრების გარშემო გაერთიანდნენ, რომ ამ ბერკეტს ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.