ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა და ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, ეს თხოვნა დაუკმაყოფილდება.

„თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. თუმცა დღეს ჩვენ, ვიდრე გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება.