COVID-19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზტიური შეფასებები გადაჭარბებულია.

მაგალითად, რუსულმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია” გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შესძლებდა და რომ ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება. ამასთანავე იგივე გამოცემა 21 მარტის პუბლიკაციაში ამტკიცებს, რომ ამერიკა კი არა, საქართველოს რეალურად ჩინეთი ეხმარება.

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით News Front Georgia-ს შეფასებები უსაფუძვლოა, რადგან ლაბორატორია, რომელიც აშშ-ის 300 მილიონი დოლარის დაფინანსებით აშენდა, კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. “მითების დეტექტორთან” კომენტირებისას ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი იმ 6 მიზეზს ასახელებს, რაც ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და კორონავირუსთან ბრძოლას აიოლებს:

1. ლაბორატორიას აქვს რეგიონში უნიკალური ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2. რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით (BSL 3).

3. ლაბორატორიაში ფუნქციონირებს გენომის ცენტრი.

4. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.

5. საუკეთესო სასწავლო რესურსია დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნის მისაღებად.

6. ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

რა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას ნებისმიერ სხვა კლინიკასთან მიმართებით?

მაია ალხაზიშვილის განმარტებით, უახლესი ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდები უზრუნველყოფს იმას, რომ ლაბორატორია ნებისმიერი ახალი გამოწვევისას დროული რეაგირებისათვის მზად არის.

ლუგარის ლაბორატორიის გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული და ის რეფერენს ლაბორატორიას წარმოადგენს. “ნებისმიერი ახალი ინფექციის დიაგნოსტიკის პირველი ტალღა ყოველთვის რეფერენს ლაბორატორიის ჩართულობას აძლიერებს, და როცა მეთოდები ვალიდირებული და ვერიფიცირებულია, პროტოკოლები და ალგორითმები შექმნილია, ეპიდსიტუაციასთან კორელაციაში პერიფერიული და კლინიკური ლაბორატორიების წილი იზრდება”, – აცხადებს ალხაზიშვილი, რომელიც შემდგომ ეტაპზე დაიგნოსტიკის სხვა ლაბორატორიებში გაშლის შესაძლებლობაზეც საუბრობს, რა დროსაც ლუგარის ცენტრი შეასრულებს რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციას: დადებითი შემთხვევების პერიოდულ დადასტურებას, ლაბორატორიების ხარისხის გარე კონტროლს, მეთოდურ მითითებებს და გენომის სექვენირებას.

ექიმ-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი მაია ბუწაშვილი ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრისას შემდეგ უპირატესობებს გამოჰყოფს:

უსაფრთხოების დაცვის მაღალ ხარისხი;

ინფექციების აღმოჩენის, დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის ძალიან სწრაფი შესაძლება;

ყველაზე თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტირების შესაძლებლობა;

ბიოსამეცნიერო კვლევების ჩატარების პოტენციალი;

ე.წ გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობა.

რა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) ლაბორატორიებთან შედარებით?

მაია ალხაზიშვილის თქმით, კორონას დიაგნოსტიკა მეზობელ ქვეყნებშიც შესაძლებელია, მაგრამ მათგან განსხვავებით ლუგარის ლაბორატორიას აქვს აღჭურვილობის მრავალფეროვნება და გენომის ცენტრი, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა საქართველოში დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევების გენომის სექვენირების მონაცემები GISAID-ის კვლევაში.

მაია ბუწაშვილის განმარტებით, გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობას “შეუძლია, მაგალითად, მიკრო ორგანიზმების გენეტიკური სტრუქტურა გაშიფროს. ანუ დაადგინოს, რომელი ქვეტიპის კორონავირუსი ცირკულირებს საქართველოში, რაც ჩვეულებრივ ლაბორატორიას არ შეუძლია”. ლაბორატორიას აქვს რესურსი, შეადაროს ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებული ტიპი რომელი ქვეყნისას ჰგავს, შესაბამისად იმსჯელოს, რა ჯაჭვია ამ ინფექციის გავრცელების და აწარმოოს შესაბამისი კვლევები. “თანამედროვე ეპოქაში ბიოსამეცნიერო სფეროში რაც კვლევებისთვის საჭიროა, ლუგარის ლაბორატორიას ყველანაირი აღჭურვილობა აქვს”, – აცხადებს ბუწაშვილი.

წყარო: GISAID

რა არის BSL 3?

ლუგარის ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 დონესთან ერთად (BSL-2) არსებობს მესამე დონის (BSL-3) ლაბორატორიაც, რაც კავკასიის რეგიონში მას უნიკალურს ხდის. თუ BSL-2-ში ბაქტერიოლოგიის გარდა, ვირუსოლოგიას, სეროლოგიას ( სისხლში ანტისხეულების დადგენა წითელა, ჰეპატიტები და ა.შ), მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას/გენომს, პარაზიტოლოგიას და ენტემოლოგიას (სწავლობს მწერებს და მათ როლს სოფლის მეურნეობასა და ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებში) იკვლევენ, პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში, სადაც ბრუცელოზს, ჯილეხს, შავ ჭირს, მალარიას და სხვა საშიშ ინფექციებს იკვლევენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, “BSL-3 ზონა წარმოადგენს მრავალ მომხმარებელზე გავლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი ვესტიბულები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა და შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა”.

მოამზადეს თამარ კინწურაშვილმა და ნიკა გურინმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

მასალა ქვეყნდება “მედიის განვითარების ფონდის” (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” მიერ, საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის საელჩოს შეხედულებებს.

logo