“პოლიტიკა- მამაკაცის საქმეა”, – ამას ამტკიცებს ქართული მენტალიტეტი და საზოგადოება. ქალები პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ბუტაფორიები არიან, თუმცა, ისინი ისედაც ცოტანი არიან ხელისუფლებაში. ახალი დროება ხელისუფლებებისგან იმ მექანიზმების შემოღებას ითხოვს, რომელიც მამაკაცებს პრაქტიკულად აიძულებს ქალების პოლიტიკაში მიღებას.
საქართველოში გენდერული როლები მკვეთრად გაყოფილია, ისევე, როგორც პროფესიები. თუმცა, დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება აზროვნება და დამოკიდებულება. ქალები ბევრ პროფესიაში გამოჩნდნენ, იქ სადაც 30 წლის წინ მათი შესვლა აკრძალული იყო. ამაში გარკვეული როლი ითამაშა დასავლეთის, კერძოდ, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა, საითკენაც ისწრაფვის საქართველოც. შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, მაგრამ, მაინც უწევს ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც ქალებს საშუალებას მისცემს ცენტრალურ ხელისუფლებაში და ადგილობრივ თვითმმართველობაში იყვნენ წარდგენილნი. მექანიზმები სულ უფრო მომთხოვნი ხდება, თუმცა მაინც ჩნდება ხვრელები, რომლის საშუალებითაც თავს არიდებენ რეკომენდაციების შესრულებას. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი- კვოტირებაა.
ამჟამად ქალები საქართველოს პარლამენტის 16%-ს შეადგენენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში – 14%-ს. გენდერულ თანასწორობაზე, სადამდეც უნდა მივეყვანეთ სხვადასხვა მექანიზმებს, საუბარი ჯერ ადრეა.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელის, დიანა ჩაჩუას თქმით, NDI-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველწლიურად იზრდება ხალხის რაოდენობა, რომლებიც გენდერული კვოტების შემოღების მოთხოვნით გამოდიან. შარშან მათი რაოდენობა გამოკითხულთა 70%-ს შეადგენდა.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა. მართალია, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს იდეა პარლამენტში წამოაყენეს, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. შემდეგ შეთავაზებული იყო, პარლამენტის ყოველი მე-4 წევრი ქალი ყოფილიყო, მაგრამ ამ იდეას არ დასთანხმდნენ. რატომ?- ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ჯგუფში ხდება – ისინი ვერ თანხმდებიან. რადგან მაჟორიტარებმა და ზოგადად პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში უმეტესობას წარმოადგენენ, დიდი თანხა გაიღეს, რათა საკუთარი ადგილი მიეღოთ და არ სურთ ადგილის დათმობა. მე ვფიქრობ, რომ ესეც პრობლემაა”,- ამბობს დიანა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით პარლამენტარებს განსხვავებული შეხედულება აქვთ.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს, პარლამენტში 150 დეპუტატია და ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს. უნდა ითქვას, რომ ბევრი გენდერული კვოტების წინააღმდეგია, მაგალითად, აშშ-ში და სხვა ბევრ ქვეყანაში. იგივე ხდება ჩვენს პარლამენტშიც, ანუ არის ხალხი, რომლებიც იდეურად არ ეთანხმებიან ასეთ კონცეფციას. რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა პოლიტიკური თავისუფლება. სულ მალე, ამ საკითხის განსახილველად გატანის მეორე მცდელობა გველის, ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა”, – აცხადებს დიანა ჩაჩუა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “გენდერული პროგრამის” წარმომადგენლის, ექსპერტ მაკა მეშველიანი თქმით, ბევრ პარტიაში არიან ქალები, მაგრამ არჩევნების დროს მათ უპირატესობას იგნორირებას უკეთებენ და არჩევანი კეთდება მამაკაცი -კანდიდატების სასარგებლოდ. ამ სიტუაციის შესწორების მიზნით კვოტები იყო მიღებული. გარდა ამისა, თუკი საკრებულოს ქალი-წევრი გადავა სხვა ორგანოში, მისი ადგილი ქალმა უნდა დაიკავოს. შესაბამისად, თუკი მამაკაცი გადადის სხვა ორგანოში, მისი ადგილი, ისევ მამაკაცმა უნდა დაიკავოს.
“რა მოხდება, თუკი პარტია ამ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს? სანქციები ძალიან მკაცრია. თუკი პარტია გენდერული თანასწორობის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიებს უკან დააბრუნებს და პარტიას სამდღიანი ვადა ექნება ცვლილებების შეტანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებში რეგისტრაციაზე პარტიას უარს ეტყვიან. არის ქვეყნები, სადაც ფინანსური ჯარიმა იწერება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პარტიებს ურჩევნიათ ფინანსური ჯარიმის გადახდა და არა გენდერული ბალანსის გათვალისწინება. ამიტომ საქართველოს პარლამენტმა ეს გაითვალისწინა და ჯარიმის ნაცვლად მკაცრი მექანიზმი შეიმუშავა – არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა”,- ამბობს მაკა მეშველიანი.
მისი თქმით, არის ასევე ფინანსური წახალისების მექანიზმი, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს.
“პარლამენტმა, სადაც ერთიანი ეროვნული მოძრაობა უმრავლესობაში იყო, გადაწყვიტა, რომ ის პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, დამატებით დაფინანსებას მიიღებენ, თუკი გარკვეულ გენდერულ ბალანსს გაითვალისწინებენ. ბალანსი იცვლებოდა. თავიდან იყო 39, შემდეგ 20 და ამის შესაბამისად დამატებითი დაფინანსებაც იცვლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ერთ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ამ მექანიზმით არ უსარგებლია. ძირითადად ამ მექანიზმით ოპოზიციური პარტიები სარგებლობენ, ისევე როგორც, მაგალითად, 2011 წელს და საერთო ჯამში ამით, არც პარლამენტში გაიზარდა ქალების რაოდენობა და არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში”, – ამბობს მეშველიანი.
ამის მიზეზი იყო იმ მოთხოვნების არარსებობა, თუ რა ადგილი უნდა დაიკავონ ქალმა კანდიდატებმა პარტიულ სიებში.
“პარტიები ტექნიკურ მოთხოვნებს ასრულებდნენ, მაგალითად, ყოველ ათეულში სამ ქალს იღებდნენ, მაგრამ ათეულის ბოლოში სვამდნენ, შესაბამისად, ეს ასარჩევ დეპუტატებს შორის გენდერულ ბალანსზე არ აისახებოდა. ახლა დაფინანსების წახალისების მექანიზმი ძალაშია და 2020 წლის არჩევნებზე პარტია, რომელსაც 3 კანდიდატს შორის 1 კანდიდატი-ქალი ეყოლება, დამატებით დაფინანსებას მიიღებს. ანუ, კანონის თანახმად, აუცილებელია, რომ 4 კანდიდატზე 1 კანდიდატი-ქალი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ პარტია საკუთარ თავზე აიღებს ვალდებულებას ყოველ 3 კანდიდატზე 1 კანდიდატი-ქალი წამოაყენოს, ეს პარტია დამატებით დაფინანსებას მიიღებს. ეს ფინანსები პარტიამ ქალების პოზიციის გაძლიერებას უნდა მოახმაროს. სამწუხაროდ, ყველა პარტიას არ ჰყავს ე.წ. ფორმალური ქალის ფრთა, მაგრამ პარტიებმა ეს უნდა განავითარონ, ზუსტად ამისთვის უნდა გამოიყენონ ფინანსები”, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “გენდერული პროგრამის” წარმომადგენელი, მაკა მეშველიანი.
20 ივლისს, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატები წარადგინა. 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ჯავახეთის მხრიდან მდედრობით სქესის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა. მმართველმა პარტიამ წელსაც წამოაყენა მამაკაცი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ მოწვევამდე არც ერთი ქალი არ იყო წარდგენილი, 2017 წელს საკრებულოს 38 დეპუტატს შორის მხოლოდ 2 ქალი იყო არჩეული.
მასალა მომზადდა პროგრამა – “ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში- ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში.