გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სააგენტოს განცხადებით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.
ამასთან, 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.