საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს. ხოლო რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია:

კახეთში – 2 ოლქი; ქვემო ქართლი – 3 ოლქი; შიდა ქართლი – 2 ოლქი; მცხეთა მთიანეთი – 1 ოლქი;
სამცხე ჯავახეთი – 2 ოლქი; გურია – 1 ოლქი; სამეგრელო – 3 ოლქი; რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი;
იმერეთი – 4 ოლქი.