ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე დოკუმენტს 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ 119-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 37-მა კი, თავი შეიკავა. საკითხზე მომხსენებელი პეტრას აუსტრევიჩუსი იყო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის მინიჭებას, თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას შეუძლია, დააჩქაროს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი. ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შესთავაზონ თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია.
სტრაზბურგი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვება ინტეგრაცია „ოთხი თავისუფლებით“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით. ევროპარლამენტის წევრები ასევე ევროკავშირის საბჭოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ფინანსური დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება ადაპტირებული უნდა იყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის კონკრეტული საჭიროებების მიხედვით.
რეზოლუციის ავტორები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, წაახალისონ პოლიტიკური ფონდების მუშაობა პოლიტიკური ლიდერების მომავალი თაობის აღზრდაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში.
ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო რეფორმებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის. უფრო მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობისა და ფინანსური დახმარების მიღებისთვის მთავარი კრიტერიუმები და პირობებია ქმედითი და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონს უზენაესობა, კარგი მმართველობა, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.
ევროპარლამენტის წევრები ასევე გმობენ რუსეთის, როგორც აგრესორის ქმედებებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრიდან ხუთს გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვს. სტრაზბურგი გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ყველა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უცხოური ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის წევრებმა რუსეთთან მიმართებით უფრო მეტად კოორდინირებული პოლიტიკა უნდა გაატარონ. ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს ასევე მოუწოდებენ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ფორმები შესთავაზოს.