ახალქალაქში ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე თავად მძღოლები საუბრობენ. თუმცა, ბევრს ექმნება პრობლემები, რადგან მათი მანქანები ძველია და ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადიან.

მძღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების გავლას, რაც როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის უსაფრთხოების გარანტიაა.

„ტექინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია მანქანისთვის. მართალია ფულს ვიხდი ტექნიკურ ინსპექტირებაში და ერთი წლის განმავლობაში ჯარიმების გარეშე ტარების შესაძლებლობას ვიძენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მანქანა კარგ მდგომარეობაში იყოს. იმედი მაქვს, ტექდათვალიერებაზე ფასები არ გაიზრდება“, – თქვა მამიკონ მინასიანმა.

ტაქსის მძღოლი ლიოვა აკოპიანის თქმით, ის ახალქალაქში ტექდათვალიერების გარეშე მთელი წელი მოძრაობდა და ჯარიმების თავიდან ასაცილებლად „სპეციალური“ რუკით მოძრაობდა.

„როდესაც ჩემს მანქანას ტექნიკური ინსპექტირება ჯერ არ ჰქონდა გავლილი, მე არ გავდიოდი ჩვენს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ და არ ვმოძრაობდი ყველა ქუჩაზე, რათა თავიდან ამეცილებინა ჯარიმები. რადგან ყველა კამერის ადგილმდებარეობა ვიცი, ვახერხებდი მათ შემოვლას, რაც მოძრაობას მირთულებდა“ , – ამბობს ლიოვა აკოპიანი.

საქმე იმაშია, რომ მას ჰყავდა ძველი „Opel“-ი, რომელიც შეგნებულად არ წაიყვანა ტექდათვალიერებაზე.

„ვიცოდი, რომ ჩემი მანქანა ინსპექტირებას არ გაივლიდა, ამიტომ ძველი მანქანის ახლით შეცვლა მომიწია. ახლა მერსედესს ვატარებ. ყოველწლიურად გავდივარ ტექნიკურ დათვალიერებას. ტექნიკური ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ის გაძლევს ნდობას, რომ შეგიძლია უპრობლემოდ მართო“, – დაამატა ტაქსის მძღოლმა ლიოვა აკოპიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა, ამბობს:

„მანქანა ტექდათვალიერებაზე დიდი ხანია არ მიმიყვანია, რადგან ვიცი, რომ არ გაივლის, არსებობს უამრავი პრობლემა. დაახლოებით ვიცი სად არის კამერები, როგორღაც ქალაქში ვმოძრაობ. ხანდახან ამას კამერა აფიქსირებს და ჯარიმის გადახდა მიწევს. ვფიქრობ მანქანის გაყიდვას, სესხის აღებას და ახლის ყიდვას, რომ სოფლიდან ქალაქში მარტივად ჩავიდე“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში რამდენიმე წელია ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პუნქტი „Green Way“ ფუნქციონირებს. აქ ყოველდღე რიგებია. რიგების თავიდან ასაცილებლად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე www.greenway.ge ან დარეკოთ ნომერზე: 032 2 99 77 77.

„თუ ადამიანი წინასწარ რეგისტრირდება, ეს მისთვის კარგია – აღარ უწევს ზედმეტად ლოდინი. რომელ საათზეც არის ჩაწერილი, იმ დროს ვამოწმებთ მის მანქანას. არიან ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ არ იციან, მოდიან და ცდილობენ იმავე დღეს დარეგისტრირდნენ, რომ მაშინვე გავუკეთოთ ტექნიკური ინსპექტირება,“ – განაცხადა „Green Way“-ის ტექნიკური დათვალიერების ცენტრის მენეჯერმა, მანუჩარ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადრე Jnews-მა დაწერა, რომ მიმდინარე წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება შესაძლოა 50 პროცენტით გაიზარდოს, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება 60-დან 90 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოში 2018 წლიდან ყველა კატეგორიის ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. მას შემდეგ ტარიფები არ შეცვლილა.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ღირებულება 60 ლარია, სატვირთო მანქანებისთვის – 100 ლარი, ელექტრომობილებისთვის – 48 ლარი.
ასევე წაიკითხეთ:
ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა რამდენჯერმე იზრდება

გევორგ ჯანოიან