
რამდენიმე დღის წინ დასრულდა ავარიული შენობების დემონტაჟის სამუშაოები ახალქალაქის №5 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ადგილზე დიდი პარკის აშენება იგეგმება.
შენობების დემონტაჟისთვის ახალქალაქის მერიამ 285 171 ლარი გამოყო, ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი შპს “ინტერმა„ შესთავაზა, თუმცა ხელშეკრულება შპს „გოლდთან“ 168 999,31 ლარის ოდენობით გააფორმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, დაშლილი შენობების ადგილზე პარკი აშენდება, თუმცა ამ დროისთვის არც დაფინანსებაა გამოყოფილი და არც პროექტია შედგენილი.
შენობების სახიფათოობისა და დემონტაჟის საჭიროების შესახებ Jnews-მაც დაწერა, რადგან ავარიული შენობები სკოლის ტერიტორიაზე იყო განთავსებული და სკოლის მოსწავლეები და მეზობელი ქუჩების ბავშვები ხშირად თამაშობდნენ მათ მახლობლად. სამსართულიანი შენობიდან ზოგან 4 კედელი იყო შემორჩენილი, ზოგან მხოლოდ ერთი. სახურავი არ არის. ეს არის ახალქალაქის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა. იქვე არის სასადილოს შენობა იმავე მდგომარეობაში, კიდევ უფრო შორს არის ერთსართულიანი სამრეცხაო. ეს ყველაფერი ახალქალაქის №5 სკოლის უზარმაზარ ტერიტორიაში შედის. ახალქალაქელები ამ ადგილს ძველი დროის მოგონებებიდან გამომდინარე სკოლა-ინტერნატს უწოდებენ. სსრკ-ს დაშლამდე ამ სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით სწავლა პრესტიჟული იყო. პროფილის ჩვეულებრივ სკოლად გადაკეთების შეცვლასთან ერთად და სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დაიშალა უძრავი ქონებაც – საერთო საცხოვრებლი, სასადილო და სამრეცხაო.
სკოლის მასწავლებლებმა რამდენჯერმე მიმართეს სახელმწიფოს, რომ სკოლის ბალანსიდან მოეხსნათ ის ტერიტორია, რომელიც ბავშვებისთვის საშიშ შენობებს მოიცავს. მასწავლებლებსა და ახალქალაქის მოსახლეობას ეშინოდათ, რომ ერთ დღეს ეს კედლები ჩამოინგრევა და ხალხი ნანგრევების ქვეშ დარჩება, რადგან სკოლის ირგვლივ საცხოვრებელი ქუჩებია, საღამოს სკოლის ეზოში მეზობელი ქუჩების ბავშვები არიან, მოსახლეობა სეირნობს. სახიფათო შენობები არანაირად არ შემოღობულა.