ამ ბოლოს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა, რომლის მიზანი სომხეთში ქართული ლიტერატურისა და კულტურის გავრცელებისა და აღიარების ხელშეწყობაა. პროექტის ავტორი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოდან, არევიკ ბალასანიანია, რომელმაც Jnews-თან ინტერვიუში თქვა, რატომ და როგორ გაჩნდა ეს იდეა.

„ეს იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა. სომხეთში რომ ჩავედი უმაღლესი განათლების მისაღებად, ყველა მეუბნებოდა, რომ სომხეთში ჩასვლით დავკარგავდი ქართულ ენასთან სიყვარულს და კავშირს. ამიტომ გავეცანი სომხეთის ქართულ სათვისტომოს, დავინახე რა დიდი პოტენციალი აქვთ მათ მიერ საკვირაო სკოლის ფარგლებში ქართული ენისა და კულტურის სწავლებაში. ვფიქრობდი, რომ მეც შემეძლო, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, წვლილი შემეტანა სომხურ-ქართული კავშირების გამყარებაში“, – ყვება არევიკი.

და ამატებს, რომ მისი იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნა.

არევიკ ბალასანიანმა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხელმძღვანელს, შპს „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორს გიორგი კეკელიძეს და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქარველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს ედუარდ ზოჰრაბიანს მიმართა. მათი თანხმობის მიღების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა, რის შედეგადაც 2024 წლის ნოემბრიდან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე ფუნქციონირებს.

grqi ankyun 1

არევიკის თქმით, წიგნის კუთხე ხელს უწყობს ქართული ენის გავრცელებას, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სომხურ-ქართული ურთიერთობების გამყარებაში.

შპს „ბიბლიუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ Jnews-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი პროექტია.

„ეს არის ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და საქმიანობა –  ქართული წიგნის კუთხეების ორგანიზება საზღვარგარეთ. მოხარული ვარ, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი ენთუზიაზმით უპასუხა. ქართული წიგნის კუთხეში ათობით გამოცემა შევიტანეთ, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა და, რა თქმა უნდა, მომავალში აქტიურად განვაახლებთ წიგნების სიას“, – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

დაამატა, რომ ქართული ლიტერატურა, როგორც ძველი, ისე ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა და წყაროა, რომელიც გამოხატავს ქვეყნის იდენტობას.

ქართველოლოგიური კუთხე შეიქმნა, როგორც პლატფორმა სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის, რათა გაეცნონ ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას. ეს ინიციატივა ასევე ხელს უწყობს ქართული ენის შესწავლას შესაბამისი ლიტერატურული მასალის მიწოდებით.

წიგნები წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრში.