„1+4“ ჯავახეთის მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო პროგრამად ითვლება, თუმცა პროგრამაში არსებული მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი პრობლემები რეალურად ხელს უშლის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს დაძლიონ სახელმწიფო ენის არცოდნა და სრულყოფილი ინტეგრაცია.

2010 წლიდან მოქმედი „1+4“ პროგრამა, როგორც ჩანს, მრავალი წელია ეროვნული უმცირესობების სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემას ვერ აგვარებს. ამჟამად კი, აღნიშნული პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ახალგაზრდა შედის, მაგრამ სწავლას დაუსრულებლად ტოვებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველწლიურად აკვირდება, რამდენი სტუდენტი ირიცხება უნივერსიტეტში „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამით, მაგრამ არ აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი მათგანი ამთავრებს და საქმდება.

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი შორენა თეთვაძე, რომელიც მრავალი წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამას აქვს მთელი რიგი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში შეიძლება ბევრად უფრო დიდი შედეგის მიღწევა, ვიდრე ახლა გვაქვს. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბევრი ადამიანი პირველ კურსს ვერ ეგუება, სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ სწავლობს და შედეგად ან განათლებას დაუსრულებლად ტოვებს, ან სხვა ქვეყანაში გადადის.

„1+4“ პროექტში შესული სტუდენტები მოსამზადებელი ან პირველი კურსის შემდეგ სომხეთში გადადიან. შარშანაც და წინა წელსაც ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ამ საკითხების შესწავლა, მიზეზებისა და შედეგების გაგებაა საჭირო. 2010 წლის შემდეგ „1+4“ პროგრამაში თითქმის არაფერი შეცვლილა. არ ყოფილა სიღრმისეული ანალიზი, რამდენმა ადამიანმა მიიღო სამსახური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენი წავიდა ქვეყნიდან ან რატომ ვერ იპოვეს სამსახური“, – ამბობს შორენა თეთვაძე.

Jnews-ი ესაუბრა „1+4“ პროექტის ფარგლებში სწავლულ სტუდენტებს და გაარკვია, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების პროგრამები განსხვავებულია და შესაბამისად ქართული ენის ცოდნის დონე განსხვავებულია. მაგალითად, ზოგიერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ მათ არ ასწავლიან თანამედროვე მეთოდებით ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცალ-ცალკე სწავლობენ, ე.ი.ქართულ ენაზე არ კონტაქტობენ.

„დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი პროფესორები ახალგაზრდები არ არიან და ძველი მეთოდებით ასწავლიან. მაგალითად, სხვა უნივერსიტეტებში სხვადასხვა ადგილას დადიან და პრეზენტაციის სახით კლასის წინაშე წარმოადგენენ, კითხვებს სვამენ, პასუხობენ, განიხილავენ და ა.შ. სტუდენტები ჯგუფებში შერეულები არიან, ანუ კომუნიკაცია ქართულ ენაზეა, მართალია არასწორად, მაგრამ ურთიერთობა მაინც ქართულ ენაზეა. იმ უნივერსიტეტებში კი, სადაც ჯგუფები იყოფა, ყველა მშობლიურ ენაზე ურთიერთობს“, – აღნიშნავენ სტუდენტები.

ხაზს ვუსვამთ, რომ პირველ წელს ეროვნული უმცირესობების სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას, შემდეგ სასწავლო წლის ბოლოს 60 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს), მათ ეძლევათ შესაძლებლობა განაგრძონ სწავლა სასურველ ფაკულტეტზე ყოველგვარი გამოცდის გარეშე.

საქმე იმაშია, რომ, როგორც წესი, თითქმის ყველას შეუძლია საჭირო ქულების მიღება და პირველ კურსზე გადასვლა. პრობლემა აქ მრავალფენიანია: ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რეიტინგი მცირდება, მეორე მხრივ, უნივერსიტეტმა შეიძლება აკრედიტაცია დაკარგოს.

შორენა თეთვაძე კი ამბობს, რომ მოსამზადებელი კურსის შემდეგ ბევრი ადამიანი კანონით პირველ კურსზე არ უნდა გადავიდეს. მაგრამ ამას აკეთებენ, რადგან თუ არ ჩააბარებენ, უნივერსიტეტი კარგავს აკრედიტაციას, კარგავს ფინანსურ რესურსებს და ამავდროულად, ხარისხს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სკოლები დიდ ყურადღებას უთმობენ განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის დაუფლებას, შედეგი მაინც არადამაკმაყოფილებელია. საქმე იმაშია, რომ სტუდენტი ქართულ ენას კვირაში ხუთი საათის განმავლობაში სწავლობს, მაგრამ ქართული ენის გამოცდა რატომღაც დამამთავრებელ კლასებში არ ტარდება, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტროლის მექანიზმი სუსტია ან საერთოდ არ არის.

დღეს სტუდენტი დარწმუნებულია, რომ ის ადვილად შეძლებს უნივერსიტეტში ჩაბარებას ქართული ენის ცოდნის გარეშე, საკუთარი თავის შეწუხების გარეშე, მხოლოდ ზოგადი უნარების ერთი გამოცდის ჩაბარებით. სწორედ ამიტომ ახალქალაქის „ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ დირექტორი შორენა თეთვაძე ხაზს უსვამს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის დასკვნითი გამოცდების დანერგვის მნიშვნელობას, რაც მოსწავლეებს ცოტათი მაინც შეაშინებს.

შორენას თქმით, „1+4“-ის პროგრამის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ბევრი სტუდენტი გადადის და აგრძელებს უმაღლეს განათლებას სხვა ქვეყნებში, კერძოდ სომხეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, რადგან, მაგალითად, რუსულ უნივერსიტეტებში ჩაბარება მარტივია, ე.ი. უნივერსიტეტში ჩაბარება შესაძლებელია გასაუბრების გზით, გამოცდის გარეშე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა 2010-2011 სასწავლო წლიდან დაიწყო. და მშობლიურ ენაზე ზოგადი უნარების მხოლოდ ერთი გამოცდის ჩააბარებით შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება.
პროექტის პირველ წელს, 2010 წელს, ეთნიკური უმცირესობების 247 წარმომადგენელმა (სომხები და
აზერბაიჯანელები), ხოლო შემდგომ წლებში პროექტის ბენეფიციართა რიცხვი ექსპონენტურად გაიზარდა: 2013 წელს 890-ს მიაღწია, 2014 წელს დაფიქსირდა შემცირება, 2014 წელს 673 სტუდენტი შეადგინა. უკვე 2015 წლიდან სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, 2019 წელს 1335 სტუდენტს მიაღწია, 2020 წელს კი კვლავ კლება დაფიქსირდა – 1191 სტუდენტი. შემდეგ, 2021 სასწავლო წელს დარეგისტრირდა 1332 სტუდენტი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სტუდენტების რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა და მიაღწია 1,549-ს, ხოლო 2024 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელი წარმატებით არ ამთავრებს უნივერსიტეტს ან, თუ დაამთავრებს, სამუშაოს პოულობს არჩეულ პროფესიაში.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.