ჯავახეთი ნიჭით მდიდარია, მაგრამ საზოგადოება და გარემო არ არის ხელსაყრელი მათი გამოვლენისა და განვითარებისთვის. კულტურის სფეროში ჯავახეთის ნიჭიერი მცხოვრებლები ხშირად წინ მიიწევენ და ცნობილნი ხდებიან, მაგრამ უკვე ჯავახეთისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქ ნიჭი არ განიხილება, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო.

ახალქალაქში კულტურისა და ხელოვნების განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი დასაქმების სირთულეა. ადამიანები, რომლებმაც განათლება მიიღეს ამ სფეროში, ხშირად ჩვენს რეგიონში სამსახურს ვერ პოულობენ. მეორე მხრივ, ახალგაზრდები, ვინც ამ გზას ირჩევს ცხოვრებაში, ხედავს ამ ყველაფერს და ამჯობინებს სხვა, უფრო უნივერსალური და პოპულარული პროფესიების შესწავლას და საკუთარი ნიჭი მიწაში „დამარხვას“.

სოფელ ხანდოდან ანი თოროსიანს ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა და სიმღერა. პირველად 9 წლისამ იმღერა, 12 წლის ასაკში კი ახალქალაქის აშუღის სკოლაში ჩაირიცხა. ის მომღერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ ამავე დროს გააცნობიერა, რომ მხოლოდ ერთი გზის არჩევა შეიძლებოდა შემზღუდველი ყოფილიყო მისთვის და ამიტომ მეორე პროფესიაზე დაიწყო ფიქრი.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმღერა აუცილებლად დარჩებოდა ჩემი ცხოვრების ნაწილად, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობდი, რომ მომავლისთვის სხვა უნარების შეძენა მჭირდებოდა. და სწორედ აქ გაჩნდა რჩევები გარშემომყოფებისა და ახლობლებისგან, რომლებმაც განმიმარტეს რა არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ენებისადმი ჩემი სიყვარულის გამო უნივერსიტეტში ძირითად სპეციალობად ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია ავირჩიე. სიმღერისადმი სიყვარული არ ჩამქრალა. ეს არის ის, რაც ჩემში მუდამ დარჩება და გაგრძელდება”, – ყვება ანი.

მიუხედავად ყველა სირთულისა, ახალქალაქში რამდენიმე „კულტურული ბერკეტი“ მოქმედებს, რომელიც ახალგაზრდა თაობას ასწავლის სიმღერას, ცეკვას და სხვა. ეს არის მუსიკალური სკოლა, ხელოვნების სკოლა, ცეკვის ანსამბლები „ჯავახკი“ და „მურჯი“, კულტურული ცენტრი „Line up“-ი.

“Line up” ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ცეკვის კავშირის სამცხე-ჯავახეთის თავმჯდომარის მოადგილე რადიკ ეზოიანი აღნიშნავს, რომ რეგიონში კულტურის განვითარების მთავარი დაბრკოლება ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტია.

„ბავშვების კულტურულ ცენტრში გაგზავნის ერთ-ერთი დაბრკოლება არის სტერეოტიპი, რომ სპორტში მათ შეუძლიათ მეტის მიღწევა, მაგალითად, გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ხელოვნებაში ვერ მიაღწევენ რაიმე დიდს. კულტურით დაკავება, კულტურის პროპაგანდა ჩვენთან მიღებული არ არის. ბავშვები იზრდებიან იმის ყურებით, რომ მამებს, რომლებიც მიდიოდნენ „ხოფანში“, იყვნენ მუშები, ნებისმიერი რამ _ გარდა კულტურისა“, – კომენტარს აკეთებს ის.

რადიკის თქმით, მომავალი თაობა უნდა ეცადოს შვილები აღზარდოს კულტურის სულისკვეთებით, ხელოვნების სიყვარული აღძვრას და სწორი პრიორიტეტები დაუსახოს. თავად რადიკმა განათლება ცეკვის დარგში ერევანში მიიღო, მაგრამ სწავლის შემდეგ ახალქალაქში დაბრუნდა და აქ საკუთარი კულტურული ცენტრი გახსნა.

ახალქალაქისთვის უპრეცედენტო სიახლე იყო ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც ერთი წლის წინ გაიხსნა. ის გახსნა არტიუშ პოღოსიანმა, რომელმაც ერევანში ხმის რეჟისურა დაამთავრა. სწავლის შემდეგ ისიც არ დარჩენილა ერევანში. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, მიუხედავად ამ ბიზნესზე მოსახლეობის დაბალი მოთხოვნისა მიღებული ცოდნა გამოეყენებინა და ახალქალაქში ხმის ჩამწერი სტუდია გაეხსნა. იქ გიტარისა და დასარტყამი ინსტრუმენტების გაკვეთილებსაც ასწავლის.

„ახალქალაქისთვის მუსიკას სტაბილურ ბიზნესს ვერ დავარქმევ. მაგალითად, ხმის ჩაწერაზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. ხოლო სწავლების შემთხვევაში კი საკმაოდ ბევრის შოვნაა შესაძლებელი, მაგრამ არ იცი რამდენი მოსწავლე გეყოლება. დღეს შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მერე არა”, – კომენტარს აკეთებს ის.

მავრ მკრტჩიანი, ცნობილი სომეხი მომღერალი სოფელ მერენიადან, რომელიც დიდი ხანია ერევანში ცხოვრობს, ახალქალაქში ხელოვნებისა და კულტურის განვითარების პრობლემას შემდეგში ხედავს:

„ბავშვებს უნდათ ის, რასაც ირგვლივ ხედავენ, ხოლო ისინი ხედავენ ხოფანს (საზღვარგარეთ მუშაობას). რა თქმა უნდა, თუ ადამიანს რაღაც უნდა, ყველაფრის მიუხედავად, მიაღწევს, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ გარემო ამ სურვილის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა“.

სხვა პრობლემებთან ერთად მომღერალი კადრების ნაკლებობასაც აღნიშნავს.

„სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ისინი, ვინც აქ (ერევანში) მოდიან სასწავლებლად, აღარ ბრუნდებიან. არ ვიცი რასთან არის ეს დაკავშირებული”.

დღესდღეობით კულტურით დაკავებული იშვიათი ახალგაზრდები აკეთებენ ამას იმისათვის, რომ გააძლიერონ თავიანთი იდეა რეგიონის კულტურული განვითარების აუცილებლობის შესახებ, ამისგან ფინანსურ კეთილდღეობას კი არ მოელიან, არამედ თანდათან იდეოლოგიური ნაწილის გაძლიერებით, ისინი ფინანსურსაც მიაღწევენ.

ფოტო “თამადა მანჰეტენიდან” მიუზიკლიდან, რომლის პრემიერა ახალქალაქის კულტურის სახლში 2021 წლის აპრილში შედგა.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.