ახალქალაქის სხვადასხვა სოფელში შობას სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ახალი წლის თავისებურებებს სოფლებში ჩამოყალიბებული ტრადიციები განაპირობებს. ზოგ სოფელში დღესასწაულს ყველა სოფლის მცხოვრები აორგანიზებს, ზოგში – ახალგაზრდობა, ზოგში კი – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

სოფლებში საახალწლო ტრადიციების გასაცნობად Jnews-ი სხვადასხვა სოფლის მცხოვრებს ესაუბრა.

გრიგორ მანასიანი წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანიდანაა. ჩვენთან საუბარში მან გვიამბო, როგორ ატარებენ ახალ წელს და შობას სოფელ ვარევანში.

„საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნას 25 დეკემბერს ვიწყებთ. ვიკრიბებით ეკლესიაში და წმინდა ლიტურგიაში ვმონაწილეობთ. შემდეგ 27-28 დეკემბერს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აწყობენ საახალწლო ღონისძიებას, ყველა ვიკრიბებით და აღვნიშნავთ, ხოლო 31 დეკემბერს სოფელში, ნაძვის ხესთან ვიკრიბებით და ახალ წელს ვზეიმობთ. შობას კიდევ უფრო დიდი დღესასწაულით ვზეიმობთ, ყოველწლიურად ამ დღეს ეკლესიაში ვირჩევთ ხაჩქავორს, ნაკურთხი წყალი რიგდება, სამხტო კეთდება და საღამოს სოფლის სადღესასწაულო დარბაზში სიმღერითა და ცეკვით აღსანიშნავად ვიკრიბებით“, – ამბობს გრიგორ მანასიანი.

ხოლო მანველ საარიანმა გვიამბო, როგორ ხვდებიან ახალ წელს სოფელ ხანდოში.

„ჩვენს სოფელში ახალ წელს დიდი მასშტაბით აღვნიშნავთ. სოფელში საახალწლო აურზაური დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საორგანიზაციო სამუშაოს, დაწყებული ბავშვების საჩუქრების გაფორმებით და შეფუთვით, ერთად ვაწყობთ სოფლის ყველა მცხოვრების მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას. 31 დეკემბერს საღამოს სოფლის ცენტრში ვიკრიბებით, სადაც ხშირად მეზობელი სოფლებიდანაც მოდიან. ღონისძიებაზე ცოცხალი მუსიკაა, სოფლის ნიჭიერი ახალგაზრდები და ცეკვის ანსამბლი „ხაჩკავანკი“ გამოდიან. საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანასოფლელებიც მონაწილეობენ. წელსაც ვაპირებთ შობის სოფლის სადღესასწაულო დარბაზში აღნიშვნას. ჩემი აზრით, ეს ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან ამ დღესასწაულის ფარგლებში ჩვენ ვერთიანდებით. 31 დეკემბერს, ღონისძიების ფარგლებში, თოვლის პაპა და ფიფქია ბავშვებს საჩუქრებს ურიგებენ“.

როგორ აღნიშნავენ და როგორ ატარებენ საახალწლო დღესასწაულებს სოფელ სულდაში, გევორგ ჯანოიანმა გაგვიზიარა.

„საახალწლო დღესასწაულის ორგანიზებაში აქ სოფლის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, მონაწილეობენ. თითქმის ყოველწლიურად, 30 დეკემბერს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აწყობენ ღონისძიებას, რომელიც იმართება სადღესასწაულო დარბაზში, ხოლო 31 დეკემბერს მთელი სოფელი იკრიბება და სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავს ახალ წელს. თოვლის პაპა ფიფქიასთან ერთად ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. სოფლის ღონისძიების ხარჯებს ჩვენ, სოფლის მცხოვრებლები, ვფარავთ“.

სოფელ პატარა სამსარში მცხოვრებმა ვარდუჰი კურგინიანმა ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება გაგვიზიარა.

„ყოველწლიურად ვაწყობდით საახალწლო დღესასწაულს და სოფლის დარბაზში ვატარებდით და ასე მთელი სოფელი ერთ ადგილას ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ვულოცავდით და სახლში ვბრუნდებოდით. წელს, რადგან სადღესასწაულო დარბაზში რემონტი მიმდინარეობს, ამ ყველაფრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. ძირითადად, ის ორგანიზებული იყო მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეების მიერ. რამდენიმე დღის წინ სკოლაში დახურულ გარემოში პატარა საახალწლო ღონისძიება მოეწყო. 31-ის ღამეს კი სოფლის ახალგაზრდებმა სოფლისთვის დინამიკები იყიდეს და ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან მუსიკა რთავენ და ერთობიან. საახალწლო დღესასწაულზე მშობლების უმეტესობა თავად ყიდულობს საჩუქრებს, რათა თოვლის პაპამ და ფიფქიამ აჩუქონ მათ შვილებს. წელს ლატარეა გავაკეთეთ და საჩუქრები შემთხვევით გადავეცით მათ, ვინც ფული დადო. ღონისძიების დასასრულს, თოვლის პაპა და ფიფქია სტუმრობენ სოფლის სახლებს, სადაც ბავშვები არიან“.

ახალი წელი და შობა ის დღესასწაულებია, რომელსაც ყველგან აღნიშნავენ, მაგრამ, როგორც ზემოხსენებულ ინტერვიუებში ვნახეთ, სხვადასხვა სოფელში სხვადასხვანაირად არის ორგანიზებული და სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

ფენია თოროსიან