ჯავახეთი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და მკაცრი ზამთრითა და მჭიდრო ოჯახებით არის განთქმული. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა წლის უმეტეს ნაწილს სახლიდან მოშორებით ატარებს. სამუშაო ადგილების მწვავე დეფიციტის პირობებში, მოსახლეობა იძულებულია ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდეს, დატოვოს ოჯახი მრავალი თვით, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში. სად მიდის ჯავახეთის მოსახლეობა ფულის საშოვნელად და რატომ?

რეგიონიდან მასობრივი შრომითი მიგრაციის მთავარი მიზეზი სამუშაო ადგილების არარსებობაა. ფულის შოვნის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რუსეთი რჩება. ადგილობრივების თქმით, ჯავახეთიდან უკვე გადასული დიასპორის წყალობით, რომელიც აქედან 30-40 წლის განმავლობაში გადასახლდა, იქ სამუშაოს შოვნა უფრო ადვილია. ბევრმა მათგანმა საკუთარი სამშენებლო კომპანიები გახსნა, სადაც ჯავახეთიდან სეზონური შრომითი მიგრანტებია დასაქმებული. რუსული ენის ცოდნა და რუსეთში მეგობრების ყოლა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფულის შოვნის ქვეყნის არჩევაში.

Jnews-მა ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარა გამოკითხვა, თუ სად დადიან სამუშაოდ რესპონდენტები, ან მათი ახლობლები და მეგობრები და რატომ?

რუსეთისგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნები სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამის ძირითად ბარიერებად ხალხი ენის სირთულესა და ნაცნობების არარსებობას ასახელებს, ვინც მათ ადაპტაციაში დაეხმარება. თუმცა, ვინც ევროპაში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, აღნიშნავს, რომ იქ ხელფასები უფრო მაღალია, ეკონომიკა უფრო სტაბილურია, რის გამოც ევროსა და დოლარის კურსი არ განიცდის მკვეთრ ვარდნას და მატებას. მიუხედავად ამ უპირატესობებისა, რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს ევროპაში წასვლის რისკს, ყველაზე ხშირად მას შემდეგ, რაც იღებს სანდო ინფორმაციას ან მხარდაჭერას უკვე მომუშავე ნაცნობებისგან.

უმეტეს შემთხვევაში სამუშაოდ მამაკაცები მიდიან. ეს იწვევს ოჯახების ხანგრძლივ განცალკევებას, ცოლ-შვილი სახლში რჩება, ხოლო მამაკაცები მრავალი თვით ან თუნდაც წლების განმავლობაში სამუშაოდ მიდიან. ზამთარი არის დროის ის იშვიათი პერიოდი, როცა ოჯახები იკრიბებიან, რადგან ბევრი მიგრანტი ახალი წელს სახლში ბრუნდება.

ჯავახეთიდან შრომითი მიგრანტების რაოდენობის შესახებ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, სოციალურ პლატფორმებზე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ რეგიონის ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს ჰყავს ერთი ან მეტი საზღვარგარეთ მომუშავე წევრი.

მასალის ავტორები:
ბორის კარსლიანი
ანაიჰ ზალალიანი