სტრესი, შფოთვა, ნევროზი და ნერვული დაძაბულობა — ეს პრობლემები ბევრი ადამიანისთვის ჩვეულ მდგომარეობას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ისინი მთელ მსოფლიოში მასიურადაა გავრცელებული, თუმცა მედიცინის განვითარებასთან ერთად, მათთან გამკლავების მეტ გზას ვპოულობთ. გარდა იმისა, რომ, ჩვეულებრივ, ასეთ დროს ფსიქოთერაპიას მიმართავენ, ზოგჯერ მედიკამენტოზური ჩარევაც საჭიროა. სწორედ ასეთ დროს გამოსაყენებელი პრეპარატების რიგს განეკუთვნება ადაპტოლი.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, წამალი ადაპტოლი მიეკუთვნება ანქსიოლიტიკებს — ანუ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს შფოთვასა და ნერვულ დაძაბულობას. მისი მოქმედების მექანიზმი კი დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებასთან. სწორედ ასე ახერხებს ადაპტოლი ზედმეტი დაძაბულობის, შფოთვისა და სტრესის შემსუბუქებას.

ჩვეულებრივ, ადაპტოლი ინიშნება ისეთი მენტალური სირთულეების დროს, როგორებიცაა:

  1. შფოთვა და ნერვული დაძაბულობა;
  2. სტრესი;
  3. ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
  4. ფსიქო-ემოციური პრობლემები;
  5. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი.

თუმცა გარდა ამ ძირითადი ჩვენებებისა, შესაძლოა, ადაპტოლი გულის დაავადებების სიმპტომების შესამცირებლადაც დაინიშნოს. უფრო კონკრეტულად, ინიშნება სხვადასხვა გენეზის კარდიალგიის დროს — ეს გულისხმობს გულმკერდის ტკივილს, რომელიც არ არის გამოწვეული კორონარული არტერიების პათოლოგიით.

ასეთ შემთხვევებში ადაპტოლი ამცირებს შფოთვასა და ემოციურ დაძაბულობას, რაც შეიძლება იყოს კარდიალგიის გამომწვევი ფაქტორი. ამგვარად, პრეპარატი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ზოგადად, ამ მედიკამენტს ზომიერი სედატიური ეფექტი აქვს: კერძოდ, სედატიური ეფექტი გულისხმობს პრეპარატის უნარს, შეამციროს ნერვული სისტემის აქტივობა, რაც იწვევს შფოთვის, აგზნებისა და ემოციური დაძაბულობის დარეგულირებას. მართალია, ზოგჯერ ამ ეფექტს ძილიანობაც მოსდევს, მაგრამ კონკრეტულად ადაპტოლის სწორად მიღებისას პაციენტებს მომატებული ძილიანობა არ აღენიშნებათ.

გარდა ამისა, ადაპტოლს ხშირად მიმართავენ როგორც დამხმარე საშუალებას ნიკოტინისა და ალკოჰოლის დამოკიდებულების სამკურნალოდ. მიზეზი მარტივია: პრეპარატი ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებასა და ემოციურ დაძაბულობას, რაც ხშირად თან ახლავს მოწევის შეწყვეტის პროცესს. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს პაციენტს, გაუმკლავდეს ნიკოტინისადმი დამოკიდებულებას. ანალოგიურად ხდება ალკოჰოლის შემთხვევაშიც.