არაჯანსაღი კვება, სტრესი, უძილობა – ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქმე არა ჩვეულებრივ დაღლილობასთან, არამედ ასთენიასთან გვაქვს, ცხოვრების წესის მოწესრიგებასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პროცესში გარკვეული სახის პრეპარატების ჩართვა.

მელდონიუმის შემცველი პრეპარატი – მილდრონატი, ადამიანებს ეხმარება, ფსიქიკურ და ფიზიკურ სტრესს გაუმკლავდნენ. ასევე, იცავს მათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების  განვითარების რისკისგან, როგორებიცაა: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა და ა.შ.

მილდრონატი გამოდის როგორ კაფსულების, ასევე საინიექციო ხსნარის სახით.

რას შეიცავს და რისთვის გამოიყენება მილდრონატის საინიექციო ხსნარი?

მილდრონატის საინექციო ხსნარი გამჭვირვალე უფერო სითხეა, რომლის 1 მლ შეიცავს 100 მგ 3-პროპიონატის დიჰიდრატს, 500 მგ 3-პროპიონატის დიჰიდრატს და საინიექციო წყალს.

მილდრონატის საინექციო ხსნარი გამოიყენება:

  • დაქვეითებული შრომისუნარიანობის და ფიზიკური გადაძაბვისას, მათ შორის, სპორტსმენებში;
  • გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობის დროს (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის, ასევე თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, კომპლექსურ თერაპიაში (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა);
  • ჰემოფთალმისა და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევებისას, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზების, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიების (დიაბეტური, ჰიპერტონიული) დროს.
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
  • ბრონქული ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

რაზეა დამოკიდებული მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზები?

გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვების დროს, პრეპარატის 0,5 გ შეჰყავთ ინტრავენურად 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-14 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ. სპორტსმენებს უნიშნავენ პერორალურ სამკურნალო ფორმას.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს, ხსნარს იკეთებენ 0,5 – 1,0 გ დღეში, ინტრავენურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას;

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში იღებენ 0,5 გ-ს 1-ჯერ დღეში, ინტრავენურად, 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით. მკურნალობის საერთო კურსი გრძელდება 4-6 კვირა. ქრონიკული დარღვევებისას იყენებენ პერორალურ  ფორმას.

განმეორებითი კურსების ჩატარება დასაშვებია 2-3-ჯერ წელიწადში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და ბადურის დისტროფიული დაავადებებისას 0,5 მლ მილდრონატის საინექციო ხსნარი შეჰყავთ პარაბულბარულად, 10 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, მილდრონატის ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად – 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 7-10 დღე.

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლენის გამო რეკომენდებულია მილდრონატის ინიექცია გაკეთდეს დღის პირველი ნახევარში.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მილდრონატის ინიექციას?

მილდრონატის ინიექციას იშვიათად, მაგრამ შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული სახის გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: ალერგია, კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ასევე დისპეფსიური მოვლენები – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

მილდრონატი სიფრთხილით ინიშნება ქალასშიდა წნევის შემთხვევაში (ვენური სისხლმიწოდების დარღვევისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე უნდა დაიცვან ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა. მილდრონატის ინიექცია არ ინიშნება ბავშვებში.

დასაშვებია თუ არა პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?

არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, არის თუ არა პრეპარატი უსაფრთხო ორსულებისთვის, ამიტომ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველი გავლენის რისკის გამო, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.

ასევე არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ამიტომ თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის ძუძუთი კვებას წყვეტენ.