სახსრების ანთებითი დაავადების მკურნალობის პროცესში, სწრაფი შედეგის მისაღწევად, ადგილობრივი მოქმედების გელებისა და კრემების გამოყენება აპრობირებული მეთოდია, თუმცა მათი არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეიძლება უნებლიეთ დაიბნეთ.

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო გელებისა და კრემების უმრავლესობას თითქმის ერთნაირი შემადგენლობა აქვს, თუმცა პატარ-პატარა განსხვავებებიც ახასიათებს: ზოგიერთი ახურებს, ზოგიერთი კი აგრილებს, ზოგიერთი უპირატესად ანთების ჩასაქრობად არის განკუთვნილი, ზოგიერთი კი ტკივილის მოსახსნელად… რაც მთავარია, ადგილობრივად მოქმედი ეს საშუალებები მტანჯველი ტკივილისგან გვათავისუფლებენ, რასაც უმთავრესად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) ნივთიერებების წყალობით ახერხებენ.

ერთ-ერთი ეფექტური ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული პრეპარატია დიკლოფენაკის გელი, რომელიც გამოყენება ტკივილის, ანთების და შეშუპების სამკურნალოდ.

დიკლოფენაკის გელის ჩვენებები და მოქმედების მექანიზმი

დიკლოფენაკის გელი გამოიყენება:

  •  საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება; პოდაგრული ართრიტი);
  • სახსრების, კუნთების, ხრტილებისა და იოგების ტრავმებით გამოწვეული ანთების დროს (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას).

პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზური მოქმედება. არაშერჩევითად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა 1-ს და ციკლოოქსიგენაზა 2-ს, მოქმედებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმზე, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების უბანში.

ადგილობრივი გამოყენებისას, პრეპარატი ნაწილობრივ შეიწოვება კანით, გამოიყოფა თირკმელებით. პოლიართრიტით დაავადებულებში, რომლებიც ადგილობრივ თერაპიას იტარებენ, სინოვიურ სითხესა და ქსოვილში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.

როგორ უნდა გამოვიყენოთ დიკლოფენაკის გელი?

დიკლოფენაკის გელი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო 12 წელზე უფროს ასაკში და ზრდასრულებში რეკომენდირებულია მისი წასმა 3-4-ჯერ დღეში, თხელ ფენად, ანთების უბანზე. პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ადგილის ზომაზე.

გელი უნდა წაისვათ მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის სახვევის დადება.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-3 კვირა, თუმცა მაინც დამოკიდებულია დაავადების სირთულესა და სამკურნალო ეფექტზე, ამიტომ მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება, ამიტომ გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

როგორია პრეპარატის გვერდითი ეფექტები — რისი ცოდნაა საჭირო დიკლოფენაკის გელის გამოყენებამდე?

ზოგადად, დიკლოფენაკის გელი უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეპარატს, მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სახის გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ძალიან იშვიათია. ძირითადი გვერდითი მოვლენებია:

  • კანის საფარის მხრივი რეაქციები, როგორებიცაა: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი, ქავილი, ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, აქერცვლა.
  • ალერგიული რეაქციები: კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.

როდის უნდა შეიკავოთ თავი დიკლოფენაკის გელის გამოყენებისგან?

თუ დიკლოფენაკით მკურნალობის დაწყებას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ის არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ასევე სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ: ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა, ბრონქული ასთმა.

პრეპარატის გამოყენება ასევე არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებით საშიშია მისი გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში.