საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კრიტიკულ სტადიაზეა, რადგან ხარისხის მართვის ორ ევროპულ პრესტიჟულ ორგანიზაციაში — ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეგისტრში (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) — წევრიანობას კარგავს. ამ განვითარებამ გამოიწვია ფართო შეშფოთება ექსპერტებში, სტუდენტებში, რადგან მას შეუძლია ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ქვეყნის აკადემიურ სანდოობაზე და საერთაშორისო ინტეგრაციაზე.
განათლების სფეროში ექსპერტების აზრით, ENQA-ში წევრობის დაკარგვა და EQAR-ში ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეგისტრაციის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ევრპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც საქართველოს განათლების სისტემაზე, მის ნდობასა და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2024 წლის აპრილში ხარისხის მართვის ევროპული ასოციაციის შეფასება. შემდეგ ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა აღმოაჩინა ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა პოლიტიკური გავლენის არსებობა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებელ და ავტონომიურ საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი უნივერსიტეტებზე.
ახლა გავრცელებული პროცესების შესახებ განცხადებები გააკეთეს ექსპერტებმა ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩითაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა.
ხოლო რას ფიქრობენ სტუდენტები და ხელმძღვანელები, რა მოსაზრებები აქვთ მომხდარი მოვლენების შესახებ? ამის შესახებ Jnews თსუ-ს პროფესორის, არმენოლოგს, ასევე ეთნორელიგიური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელს ლელა ჯეჯალავას ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ განათლების სისტემა საფრთხეშია.
მისი თქმით, როცა რომელიმე ევროპული ორგანიზაცია ქვეყნის წევრობის შეჩერებას წყვეტს, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა განათლების სფეროში ძალიან დიდ პრობლემებს წააწყდება, ეს იქნება დიპლომის აღიარება, გაცვლითი პროგრამები, თანამედროვე პროგრამები, საერთაშორისო გრანტები თუ კონკურსები, რაც, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაზე მოქმედებს.
„სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება საერთო პროცესისგან, რომელიც დღეს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა მიმართულებით, იზოლირებული არ არის, საქართველო ევროპულ და დასავლეთ საგანმანათლებლო, პოლიტიკურ, სამხედრო უსაფრთხო სივრცეს ტოვებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს და ამ ისტორიაში ეს არის ყველაზე სერიოზული რამ. ამიტომ ჩვენს სტუდენტებს, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ გადასვლა, მსგავსი ფუფუნება აღარ ექნებათ. სტუდენტებმა ხარისხიანი განათლებისთვის უნდა იბრძოლონ, პროტესტი გამოაცხადონ და ხელისუფლებას ანტიევროპული პროცესის შეჩერება აიძულონ“.
სტუდენტები ასევე შექმნილი სიტუაციით არიან უკმაყოფილონი.
თორნიკე მარუაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, სტუდენტებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს, რათა შექმნილ სიტუაციაში ცვლილებებს მიაღწიონ.
„ განათლება უპირობო და უმნიშვნრლოვანესი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში,რაც ხელს უწყობს როგორც პიროვნრბის,ასევე სახელმწიფოს განვითარებას და წინსვლას. ჩვენ როცა განათლებას ვღებულოთ გვიჩნდება პრეტეზია რომ დავსაქმდეთ უკეთეს პირობებში,შესაბამისი ანაზღაურებით და რიგ შემთხვევებში ჩვენი მიზანია მუშაობა დავიწყოთ (ფიზიკურად ან ონლაინ)საზღვარგარეთ,დასავლეთის ქვეყნებში ,სადაც მაღალი ანაზღაურებაა.
ამის საშუალება ფიზიკურად ვეღარ გვექნება თუ აღიარება არ გვექნება და ჩვენი დიპლომის ხარისხი ვერ დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
ამისათვუს საჭიროა,ყველა ახალგაზრდამ და სტუდენტმა ხმა აიმაღლოს,შეეწინააღმდეგოს საწართველოში არსებულ რეალობას რაც გვაყენებს ზემოთ აღნიშნული საფრთხის წინაშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში განათლება აზრს მოკლებული იქნება და ჩვენ არ გვექნება მოტივაცია რომ ვისწავლოთ და განვვითარდეთ. ამ შემთხვევაში ეს დღევანდელ ე.წ სახელმწიფო სისტემას აძლიერებს,რომლის მთავარი მიზანიც ისაა რომ ნაკლები განათლებული ჰყავდეს ქვეყანაში ,რაც იმის გარანტია რომ ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიონ დღევანდე რუსულ დიქტატორულ მმართველობას“.
მაიკო ომანაძე, უმცროსი იურისტი და თსუ-ს ყოფილი სტუდენტი, თვლის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საზღვარგარეთთან, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა და მათი რჩევების გათვალისწინება. მისი შეფასებით, ეს (საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის წევრობის შეჩერება ხარისხის მართვის ორ ევროპულ ორგანიზაციაში – ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა.
„ამ გადაწყვეტილების შედეგად, საერთაშორისო უსაფრთხოება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, სხვადასხვა ევროპული ღირებულებების მქონე პროექტები უფრო რთული გახდება ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტისთვის, ვიდრე ახლა. ქვეყნის უმაღლესი განათლება დაკარგავს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სარგებელს, რამაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, უკუკავშირის შექმნა და განათლების მიღება გაგვიადვილა.
ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას ჰქონდა შესაძლებლობა ინტეგრირებულიყო ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ წევრობის შეწყვეტით ნებისმიერი უნივერსიტეტი იზოლირებული იქნება და ეს ცუდად აისახება არა მარტო სტუდენტებზე, არამედ მასწავლებლებზეც, ანალიტიკოსებზე და საგანმანათლებლო სისტემის ნებისმიერ წარმომადგენელზე.
პროტესტის დროს ერთმანეთის გვერდში დგომა პირველი ნაბიჯია. თუ გვინდა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა გვქონდეს, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და სოლიდარობის გამოვლენით ავაშენოთ ევროპული და წარმატებული საქართველო. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ანადგურებს ყველა სახის სიკეთეს, გმობს ოპოზიციურ შეხედულებებს და მიჰყავს უფსკრულში“.
დარგის სპეციალისტები ამას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში, უმრავლესობის აზრით, ეს არის დიდი დარტყმა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის.