საქართველოს მასშტაბით მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. 8 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას სხვადასხვა ქალაქი და რეგიონი შეუერთდა, მათ შორის ახალციხე და ბორჯომი. თუმცა ამ ტალღამ ჯავახეთამდე ვერ მოაღწია. ამის მიზეზის გარკვევას Jnews-ი შეეცადა.

ახალქალაქის მოსახლეობა ნაწილობრივ ადევნებს თვალს იმას, რაც დედაქალაქში და სხვა ქალაქებში ხდება, მაგრამ თავს ამ პროცესების ნაწილად არ თვლის. ზოგი აღშფოთებულია პოლიციის ქმედებებით და სოციალურ ქსელებში ავრცელებს ვიდეოებს, რომლებშიც პოლიცია და სპეცრაზმი მოსახლეობაზე ძალადობს. ზოგი შეუმჩნელად შფოთავს. დანარჩენები აღშფოთებულნი არიან მომიტინგეების ქმედებებით. მაგრამ ახალქალაქში სიმშვიდეა. მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები არ კამათობენ ერთმანეთთან, რადგან საუბრები არ სცილდება ჩვეულებრივ საუბრებს და არ მოიცავს საჯარო თემებს. დუმს როგორც ახალგაზრდობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. Jnews-მა ადგილობრივ ახალგაზრდებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰკითხა „მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას საპროტესტო აქციაში? და რატომ?“

ახალგაზრდების პოზიცია

(ჩვენ წარმოგიდგენთ მოსაზრებებს სახელისა და გვარის გარეშე, რათა თავიდან ავიცილოთ აგრესია რესპონდენტთა მიმართ)
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მიიჩნევს, რომ ევროპის შესახებ მოსახლეობაში არსებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, რაც მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ის არ აპირებს აქციაზე წასვლას, მიაჩნია, რომ პროტესტის ფორმა განსხვავებული უნდა იყოს.

„მე არ ვაპროტესტებ, მე მაქვს ჩემი შეხედულებები. მე მაქვს ჩემი საჩივრების თემები და არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. მე არ ვარ აქციის მომხრე, ვფიქრობ, სხვა გამოსავალი არსებობს. ვინც ახლა საპროტესტო აქციებზეა უმეტეს შემთხვევაში ევროპაზე ფიქრობენ, ევროპული განათლების მიღებას ვარაუდობენ. თუ ასე არ იქნება, ევროპაში წავლენ, ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების მიდგომებს. თუ ასე უყვართ სამშობლო, მაშინ გამოსავალი შეიძლება სულ სხვა იყოს, ისინი მტრულ ენაზე საუბრობენ, ასე არაფერი გამოვა. მე ასე მესმის სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ევროპულ საკითხებს, დიდი ალბათობით, მათ არასწორად ესმით, ან ისინი არ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, რადგან ევროპას არასწორი კუთხით აჩვენებენ.

ახალგაზრდების ნაწილი მზად არის გასაპროტესტებლად, მაგრამ არა ახალქალაქში, რადგან მიაჩნიათ, რომ მათმა ქმედებებმა შესაძლოა ახლობლებზე ზეწოლა გამოიწვიოს.

„თუ მე მივიღებ მონაწილეობას ახალქალაქში საპროტესტო აქციაში, ჩემს ოჯახზე დევნას განახორციელებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს პირად პოზიციას ყველანაირად ვაჩვენებ, მაგრამ აქ, გაუგებარი ხალხის წინაშე აქციაზე წასვლა და მათთვის რაღაცის ახსნა არ არის რეალისტურია. ჯობია, მიტინგზე თბილისში წავიდე, მთელი ღამე შემიძლია იქ ყოფნა“, – ამბობს სტუდენტი, რომელიც ახალქალაქში სწავლობს.

თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ნაწილი მშობლების პოზიციის გამო ყოველგვარ პროტესტს თავს არიდებს.

„არა, ალბათ, პროტესტში არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ზოგადად, როცა იყო პროტესტი ამ ან სხვა თემაზე, მშობლებს ყოველთვის ეშინოდათ და მეუბნებოდნენ, რომ არ წავსულიყავი“,- ამბობს ის.

რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ ახალქალაქში საპროტესტო აქციის მოწყობა რთული საკითხია.

„სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას ჯერ არ აქვს პროტესტის ეს კულტურა. ეს არის მენტალიტეტის, ინტეგრაციის, გაუცხოების საკითხი, თითქოს ჩვენ განსხვავებულები ვართ და საინფორმაციო ველიც სხვაა. ვითომ ყველას ესმის ყველაფერი, მაგრამ ეს ხდება სადღაც, ეს ჩვენი არ არის, ასე აღიქვამენ. ერთმა ადამიანმა საუბარში ხუმრობით თქვა: „ახალქალაქი არც სომხეთია და არც საქართველო“. მან ეს ხუმრობით თქვა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ხალხი საკუთარ თავს არასრულფასოვნ მოქალაქედ თვლის. საზოგადოებაში ინტეგრაციის, სრულყოფილების საკითხი ძალიან არასწორად აღიქმება. ეს პატარა თემია. ყველამ იცის ერთმანეთი, ყველა ერთმანეთს პატივს სცემს, თითქოს ყველას ერთმანეთის ესმის და თან არ ესმის. გავაკეთეთ განცხადება, ვეცდებით მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ის, რაც ხდება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არასწორია“, – ამბობს ის.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის – ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარე სერგეი ხაჩატურიანი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ეთნიკური უმცირესობების უგულებელყოფის შედეგია, რამაც მათი გაუცხოება გამოიწვია.

„ჩვენს რეგიონს ყურადღება არ ექცეოდა. ყოველთვის გვერდზე ვიდექით, როცა რაღაც კარგი ხდებოდა, და ახლა, როცა ცუდი ხდება. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ადამიანური რესურსი, მაგრამ რამდენად აქტიური უნდა იყოს ეს რესურსი, საკითხავია. ყველა ინდივიდუალურად წყვეტს,იძულება არ შეიძლება. ყოველთვის სიფრთხილით გვეპყრობოდნენ, ყველაფერი ცუდი აღინიშნებოდა, როცა რაღაც კარგი ხდებოდა, არ იძახდნენ, რომ რაღაც კარგი ხდება. მეტი ყურადღებაა საჭირო. არჩევნებმა აჩვენა რა ვითარებაა. ეს ერთი ან ორი თვის საკითხი არ არის. ამაზე მუდმივი მუშაობაა საჭირო. ეთნიკური უმცირესობები სამწუხაროდ მუდმივი დარტყმის ქვეშ არიან და მუდმივად პასიურები არიან. ჩვენი ქმედებები მუდმივად ფასდება, განიხილება. ასე იყო არჩევნების შემდეგ, ვნახეთ, როცა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დიდი პროცენტი იყო, როგორ წარდგა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური მოღვაწე, როგორ შეაფასეს ეს“,- ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „წინ ახალი შესაძლებლობების“ თავმჯდომარე ლიოლია რაისიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში პასიურობა არის იმის შედეგი, რომ არ არის მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში.

„აქ რამდენიმე ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აქციაში. მაგრამ ეს უსარგებლოა. ჩვენს მოსახლეობას იმ პროცესის სერიოზულობა არ ესმის, რაც ახლა ხდება. საკმარისად ინფორმირებული არ არიან. ჩვენი ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც ამ პერიოდში ხდება, ჩვენს ბენეფიციარებს ვაცნობებთ, რომ ინფორმირებული ვიყოთ. ხალხი არჩევანში ვერ გაერკვია. არ უნდათ, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც ჩვენ ვართ, დაიხუროს. მაგრამ პოლიტიკურ შეხედულებებს არ გამოხატავენ, თავს იკავებენ. ეს ნათელიც არის, რადგან სწორი და არასწორი ინფორმაცია აირია, და ადამიანების უმეტესობა ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, ვერ მიუღია გადაწყვეტილება. ვერ ხვდებიან რა ხდება“,- ამბობს ის.