სასოფლო-სამეურნეო წლის დასრულებასთან ერთად Jnews-ი ფერმერებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა. გაირკვა, რომ ჯავახეთის მთავარი ბოსტნეულის – კარტოფილის – მყიდველები მცირდება, ფასი ეცემა, თუმცა ფერმერებს იაფად გაყიდვა არ სურთ და ისევ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
წელს კარტოფილის მოსავალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარგი იყო და ფერმერებს მაღალი გაყიდვების იმედი ჰქონდათ. თუმცა, ამინდმა უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა: ყინვებმა და სამუშაო ძალის ნაკლებობამ ხელი შეუშალა მოსავლის დროულ აღებას. შედეგად, კარტოფილის ნაწილი გაიყინა, ზოგიერთმა ფერმერმა ვერ მოასწრო მთელი მოსავლის აღება, ხოლო ვინც მოკრიფა, ახლა ახარისხებს და გაყინულ კარტოფილს ყრის. გარდა ამისა, კარტოფილის ფასი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
„საშინელი სიტუაციაა: მყიდველები 40-45 თეთრამდე ამცირებენ ფასს, ნინოწმინდაში ფასი დაბალია, ამიტომ ყველა იქ მიდის. მოსავლის ნაწილი გაყინულია, მეორე ნახევარი დამპალი, რომელსაც ყრიან. ვყიდიდი, მაგრამ ახლა შევწყვიტე, იაფად არ გავყიდი, ბოლოს 70 თეთრად გავყიდე. მკრეფავებს 100 ლარს და მტვირთველებს 120 ლარს ვუხდიდი. ვინც იაფად ყიდის, არ იცის რას ჩადის. წელს არც ერთ ფერმერს არ მიუღია მოგება“, – ამბობს ფერმერი ეღიშ აღაჯანიანი.
ფერმერები უკმაყოფილო არიან ფასებით, მაგრამ ყიდიან, რადგან წლის ბოლო ახლოვდება, კრედიტებისა და მუშების საფასური უნდა გადაიხადონ; გაყიდვის გადადება სარისკოა.
ვარაზდატ სალვარიანი ამბობს, რომ ფერმერები ყიდიან, რადგან სხვა გზა არ აქვთ.
„მყიდველები არიან, 50-55 თეთრი არ არის საუკეთესო ფასი, მაგრამ მაინც ვყიდი. დღითიდღე მყიდველების რაოდენობა მცირდება, შენახვისა და საწყობებთან დაკავშირებული პრობლემები არის. ბევრია გაყინული კარტოფილი, ბევრს მოსავალი არ აუღია, მეც 48 მეასედი კარტოფილი დამრჩა მიწაში, ამოვყარე, მაგრამ არ მომიკრეფია, მოკრეფას აზრი არ ჰქონდა“, – ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.
ვარაზდატ სალვარიანის თქმით, სოფელ დილისკაში, ყინვის გამო დაახლოებით 5 ჰექტარი კარტოფილის მინდორი მოუკრეფილი დარჩა.
სოფელ კარწახში კარტოფილის მყიდველი 20 დღეა არ არის. გაბრიელ კარაპეტიანის თქმით, სოფელ კარწახში მიწათმოქმედების მოსავლის 70% გაიყინა.
„ფასი 50-55 თეთრია, თუმცა მყიდველებიც არ არიან, სოფლის მოსახლეობამ გაყინული მოსავალი მინდორში დატოვა, ხოლო ვინც საწყობში მიიტანა, ახლა ყრიან, მაშინვე არ ეტყობა, რომ კარტოფილი გაყინულია. სამუშაო ძალა წელს ძვირი ღირდა, მაგრამ ფასი იგივე დარჩა, ან უფრო გაიაფდა, არავინ თვლის მოგებას და ხარჯს“, – ამბობს გაბრიელი.
ჰრაჩ მოვსესიანის თქმით, გზის დაგების შემდეგ მყიდველები სოფელ ხავეთში უკვე მიდიან. 50 თეთრად ყიდულობდნენ, მაგრამ ახლა, ამინდის გაუარესების შემდეგ, მყიდველი ჯერ არ არის.
„გზის რეაბილიტაციამ შედეგი გამოიღო, სოფელ ხავეთიდან 50 თეთრად 10 სატვირთო მანქანა კარტოფილი იყიდეს, ახლა ვნახოთ, რა იქნება თოვლის შემდეგ. გაყინული კარტოფილი ცოტა გვქონდა, მოვასწარით ამოყრა”, – თქვა მოვსესიან ჰრაჩმა.
ენოქ ბაბაჯანიანი ამბობს, რომ სოფელ მურჯახეთში მყიდველები ჩადიან, მაგრამ 50 თეთრს უხდიან, რაც მიწათმოქმედების უმრავლესობას არ აწყობს.
„სოფელში მოსავლის აღება მოვახერხეთ, არ გაიყინა. გაყინვის პრობლემა მხოლოდ მათ აქვთ, ვისი მინდვრებიც შორს იყო, ასეთი ბევრი არ არის. მე მოვასწარი მოკრეფა. 35 ტ გავყიდე, დაახლოებით 30 კიდე დამრჩა. ფასი არ მაწყობს, ამიტომ არ ვყიდი. მინიმუმ 70 თეთრად მინდა გაყიდვა. რადგან მოსავალი წელს კარგი იყო დავითვალე და მინდვრიდან გავყიდე. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ მყიდველი თუ არის, ღირს გაყიდვა, მინდვრიდან გაყიდვა ყოველთვის მომგებიანია“, – ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.
ახლა ახალქალაქის კარტოფილის ძირითადი მყიდველები საბითუმო გადამყიდველები არიან, რომლებსაც რუსეთსა და აზერბაიჯანში მიაქვთ, მაგრამ იაფად ყიდულობენ, 50-55 თეთრად. ზოგიერთ ადგილობრივ ფერმერს თვითონ მიაქვს თბილისში და იქ ყიდის. იქ 90 თეთრად შეუძლიათ გაყიდვა, მაგრამ ტრანსპორტირებისა და დღიური ხარჯის გათვალისწინებით, არც ეს არის მომგებიანი.