15 ნოემბერი ახალქალაქში სისხლის დონორის დღედ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია, საავადმყოფოში სისხლის ჩასაბარებლად ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა.

30 ოქტომბრიდან JNEWS-ი ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის ქალაქის მცხოვრებლების, მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების დახმარებისა და სისხლის დონაციის შესახებ ბრძანება-თხოვნას რეგულარულად ავრცელებს.

შედეგად, დანიშნულ დღეს მხოლოდ 17 მოქალაქე მივიდა საავადმყოფოში სისხლის ჩასაბარებლად. თუმცა, ოთხი ადამიანისგან სისხლი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო არ აიღეს, მონაცემებით, სისხლი 13 ადამიანისგან აიღეს.

1

„სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ისინი იყვნენ კმაყოფილი, რადგან ბევრგან ეს რაოდენობაც კი არ იყო. 13 დონორი – ძალიან, ძალიან ცოტაა. 17 ადამიანიდან ერთს დაბალი ჰემოგლობინი ჰქონდა, მეორეს ასაკი არ შეესაბამებოდა. არც მოსახლეობას, არც სისტემას, არც მუნიციპალიტეტს არ გამოუჩენია მხარდაჭერა და ცნობისმოყვარეობა, ეს იყო უბრალოდ გულგრილობა. მაგრამ როცა გასაჭირში არიან და სისხლი უნდათ, გვეუბნებიან, რატომ არ გაქვთ სისხლი, არ იციან, რომ სისხლი უნდა გაიღონ, რომ მერე მიიღონ. ჩვენთან იწყებენ კამათს, გვეუბნებიან, ეს რა საავადმყოფოა, სისხლი არ გაქვთ. მეტს ველოდი, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი“, – ამბობს ალექსან თოროიანი.

ახალქალაქის რეფერალური კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომავალში ვერ იტყვის, რომ ახალქალაქში კვლავ ექნებათ სისხლის ჩაბარების შესაძლებლობა, რადგან სპეციალისტები ქუთაისიდან ჩამოდიან, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„25-30 კაცი მაინც უნდა გვყოლოდა, რომ მეთქვა მოსულიყვნენ, თორემ ჩვენი რაოდენობა მათთვის ძალიან მცირეა“.

მანამდე ალექსან თოროიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დონაცია ნებაყოფლობითი გახდა და სისხლის პრობლემა ყოველთვის არის. მძიმე პაციენტების შემთხვევაში, როცა სისხლის გადასხმის აუცილებლობა არის, ყოველთვის ჩნდება პრობლემა.

საავადმყოფოში სისხლის ბანკი არ არის და საიდანაც ახალქალაქის საავადმყოფო იღებს სისხლს, ახალციხიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან, ყოველთვის ითხოვენ, რომ მივიდნენ და თავიანთი პაციენტებისთვის სისხლი ჩააბარონ, რათა ადგილობრივ საავადმყოფოში მოხდეს გადასხმა. სწორედ ამიტომ მოეწყო დონორობის დღე ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ახალქალაქში არ არის ბევრი ადამიანი, ვინც მზად არის ნებაყოფლობით გაიღოს სისხლი.