საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანდრია ფუტკარაძეს ოჯახის წევრები, მეგობრები, გულშემატკივრები და მუსიკალურ პროექტ „რანინას“ კონკურსანტები დახვდნენ.
„ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება. როდესაც იქ ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა, მართლა. ძალიან გამიხარდა, ძალიან მაგარია, რომ მეგობრები აეროპორტში დამხვდნენ“, – აღნიშნა ანდრია ფუტკარაძემ.
ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა. საქართველოს წარმომადგენელმა 12 ქულა 12 ქვეყნისგან დაიმსახურა.
ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად, ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმების ავტორი კი იზა ნადარეიშვილია.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
წყარო – პირველი არხი