მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2026 წლამდე გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, უკვე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და მილიონზე მეტი ადამიანი უფასოდ გახდა მესაკუთრე.

აღნიშნულ განკარგულებაში, არსებობს ჩანაწერი, „თვითნებურად დაკავებული მიწები“, რომელიც იურისტის განმარტებით, ახალი არ არის, თუმცა გარკვეული ლავირების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, როგორც “OK & CG”-ს დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი bpn.ge-სთან აღნიშნავს, დიდია ალბათობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა ხელი მოითბონ და ერთმანეთს დაუდასტურონ სახელმწიფო მიწებზე მფლობელობა, შესაბამისად, მესაკუთრები არაკეთილსინდისიერად გახდნენ.

„ზოგადად, ეს პროექტი, ქვეყანაში ყველა მიწის ნაკვეთი რომ დაკანონებული იყოს, თავისთავად ძალიან კარგია. აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება დროულად მოექცეს სარეგისტრაციო ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საკუთრებები, რომელიც არის არქივში დაცული და მესაკუთრეებს არ აქვთ შესაძლებლობა დაარეგისტრირონ, თუნდაც იმის გამო, რომ არ საამისო სახსრები, პროექტის ფარგლებში ეს ხდება ფასის გარეშე.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, ვფიქრობ, ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, უფრო სწრაფად დასრულებადი იყო, ამას მოწმობდა, იუსტიციის სამინისტროს მიერ დასახელებული ვადები და მათი გათვლები. ფაქტი ის არის, რომ ყველა რეგიონში ვერ დასრულდა. თუმცა, პროექტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რეგისტრაცია დაკავშირებულია მხარეთა ნებაზეც და ქონება არ უნდა იყოს სადაო. თუკი ასეთ პრობლემას აწყდება რეგისტრატორი, ჩერდება ასეთი საქმეების რეგისტრაცია. მათ შეუძლიათ იდავონ სასაზღვრო მიჯნებზე თუ საკუთრებები, ხშირად ოჯახშიც კი აქვთ დავა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, შესაძლოა, რეგისტრაციების შეფერხებები და ამაშიც მდგომარეობდეს.

ასევე, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეულ მიწებზე არ გააჩნია სახელმწიფოს ჩანაწერი და არც მესაკუთრეებს არ აღმოაჩნდებათ ხოლმე რამე დოკუმენტი, არის მუნიციპალიტეტები, სადაც არქივები დამწვარია, ან თავის დროზე მოხელეებმა დანაშაულებრივი გზით გაანადგურეს და მიითვისეს მიწა, ამიტომ არ მოიპოვება დამადასტურებელი მოწმობა. ხშირად ესეც წარმოქმნის დამაბრკოლებელ გარემოებას.

რაც შეეხება თვითნებურად მიწის დაკავებასთან დაკავშირებით ჩანაწერს, ბუნებრივია, იძლევა ლავირების შესაძლებლობას. თუმცა, ეს ჩანაწერი ადრეც იყო. არის გაწერილი პერიოდები, რა პერიოდის განმავლობაშიც უნდა იყოს მიწა თვითნებურად დაკავებული, რომ შეძლოთ დარეგისტრირება და ასევე, უნდა არსებობდნენ ადამიანები, ვინც დაადასტურებდნენ ამას. თუმცა, ახლა ამ უფლების მასიური გამოყენება მოხდა ბევრგან, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, ამ ჩანაწერის ბოროტად გამოყენების ფაქტები რამდენად ხშირია. უბრალოდ ასეთ სწრაფ რეჟიმში, ძალიან დიდია ალბათობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა ხელი მოითბონ, ერთმანეთს დაუდასტურონ სახელმწიფო მიწებზე მფლობელობა და მათზე გადავიდეს ეს ქონებები“,- ამბობს ოთარ კაჭკაჭიშვილი.

წაიკითხეთ მასალა bpn.ge-ზე