ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, თუმცა თითქმის 10 წლის თავზე, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელოა. მეტიც, ბოლო, 2024 წლის მონაცემებით ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10-წლიან მინიმუმზეც კი დაეცა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 2014 წლის 9 თვის მონაცემებს აჭარბებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვეში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 43.1%-ით არის შემცირებული.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 294.45 მლნ დოლარის, 2023 წლის იმავე პერიოდში – 456.4 მლნ დოლარის, ხოლო 2022 წელს 517.75 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში ძირითადად შემდეგი ქართული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება: (2024 წლის 9 თვე)
ცნობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუმჯობესებული სავაჭრო რეჟიმი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს ნულოვანი საბაჟო ტარიფით 10 000-მდე დასახელების, პროდუქციის ექსპორტირების უფლებას იძლევა. DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი კი 2009 წელს დაიწყო. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ეხსნება, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.