პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენ“ წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩაატარა. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ეთნიკურ უმცირესობებთან დიალოგის გაღრმავებასა და მათი ინტერესების დაცვას და სამომავლოდ რეგიონში აქტიურ საქმიანობას გეგმავენ.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, მანამდე პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს ხვდებიან, უახლოეს გეგმებს და ამავდროულად ამომრჩევლებს თავიანთ საქმიანობას აცნობენ. მათ შორისაა პოლიტიკური პარტია „ჩვენ“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტარიელ ნაკაიძემ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ამომრჩეველთან შეხვედრების ჩატარება უკვე მოახერხა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ხარისხის ამაღლების ინიციატივებს.

Jnews-ი ესაუბრა ტარიელ ნაკაიძეს, რომელმაც პარტიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შედარებით ახალია, ფუნქციონირებს თითქმის 4 წელია და მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების შემოტანა, უმცირესობების ხმების ამაღლება და მათი პრობლემების წამოყენებაა.

„ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მთავრობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ არიან საკმარისი და ისინი ძირითადად ნომინალურად არიან დანიშნული. მე, როგორც თავად პარლამენტის წევრი, არ ვგრძნობ მათ აქტიურობას და საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ჯგუფის წარმომადგენლებმა ამაზე პირდაპირ ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია მხოლოდ უმცირესობებისთვისაა გათვლილი, რეალურად ის ქართველი ხალხისთვის და რეალური ცვლილებებისთვის არის გათვლილი“, – სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ნაკაიძემ.

ჯავახეთში ვიზიტთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში ხალხთან შეხვედრა და მათი მიზნების წარმოჩენა სურდათ. შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში ტარდებოდა და ამგვარად პარტიის წევრები ცდილობდნენ გამოეკვეთათ საზოგადოებაში არსებული პრობლემები. მათ ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასთან, განათლებასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ის სინანულით აღნიშნავს, რომ სომხები არ შედიან ოპოზიციური პარტიების წევრებში და ამ ვიზიტების საშუალებით ისინი ასევე ცდილობენ იპოვონ ადამიანები, რომლებიც მომავალში მათ საზოგადოებას და პრობლემებს წარმოადგენენ.

„ამჟამად რეგიონში ოფისი არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავთ ამ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას, რათა ხშირი კონტაქტი გვქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ყოველთვის მქონია შეხვედრები თემის წარმომადგენლებთან, და სამომავლოდ აქტიურად ვგეგმავთ სამცხე-ჯავახეთში ხშირად ჩამოსვლას“, – დაამატა პარტიის ლიდერმა.

“ჩვენ” პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტარიელ ნაკაიძე ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ მიმართულებას და აღნიშნავს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის, რომელიც ასევე შეუერთდა ევროინტეგრაციის პროცესს. ამასთან, დაამატა, რომ აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ არჩეული მიმართულებით ბოლომდე სიარულში საქართველოს არაფერმა შეუშლოს ხელი.