საქართველოში ნაციონალიზმის გამოვლენაზე, ამ თემის, პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ გააქტიურებაზე და მისი გამოყენების მეთოდებზე, რომელ მიმართულებებში ვლინდება ნაციონალიზმი, ამ და სხვა მრავალის შესახებ Jnews.ge -ს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია ესაუბრა.
არის თუ არა საქართველოში ნაციონალიზმი და რა სახით ვლინდება იგი?
– საქართველოში ნაციონალიზმის მინიმუმ ორი სახე არსებობს, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. არის პოლიტიკური, სამოქალაქო ნაციონალიზმი, რომლის მთავარი მიზანიც დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტია. რეალური სუვერენიტეტის დაცვა, რა თქმა უნდა ფორმალურია, სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება, მაგრამ მე ვგულისხმობ საკუთარი ბედის გაკონტროლებას სახელმწიფოებრიობის დონეზე. მე ამას ვეძახი თავისი არსით პროდასავლურ ნაციონალიზმს, ის საფრთხის ძირითად წყაროს რუსეთში ხედავს, ასევე გარკვეულ ჯგუფებში, რომლებიც რუსეთზე არიან ორიენტირებულნი. ეს არის ერთი ნაციონალიზმი, ის დომინანტია, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე. ის საზოგადოების მეტად დიდ ნაწილზეა ორიენტირებული, მათ შორის ახალგაზრდებზე. მაგრამ არის სხვა სახის ნაციონალიზმიც, უფრო მეტად ეთნო-კულტურული, რომელიც ორიენტირებულია კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ის საშიშროების ძირითად წყაროდ მიიჩნევს დასავლეთს და ახალ ტენდენციებს. ისინი საფრთხეს საქართველოს გახსნილობაში ხედავენ, ღია ეკონომიკაში, გახსნილობას ბიზნესისადმი. იმაში, რომ ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის – ირანიდან, თურქეთიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, მათ შეუძლიათ აქ ბიზნესით დაკავდნენ და ეს გამოიხატება ე.წ. უკიდურესად ნაციონალისტური, ან ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების წარმოქმნაში, როგორც მათ სხვანაირად უწოდებენ – ეს სხვა ნაციონალიზმია, მათ მომხრეებს შორის მხარდამჭერი ხალხის რაოდენობა იზრდება, დრამატული სისწრაფითაც კი.
კულტურული და რელიგიური თვითმყოფადობის შესახებ ხშირად საუბრობს ეკლესია, რამდენად უწყობს ხელს ის ნაციონალისტური განწყობის ამაღლებას?
– ეკლესიის წარმომადგენლები, ზოგჯერ მართლაც მანიპულირებენ. მაგალითად, სულ ახლახანს, რაც მოხდა მარნეულში, როცა მამა გიორგი გამოვიდა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის წინააღმდეგ. არ მიმაჩნია, რომ ამას ეკლესიის მხრიდან ორკესტრირებული მოქმედება მოჰყვება, უფრო ცალკეული მღვდლები გამოიყენებენ ასეთ მოტივებს თავიანთი რეიტინგისთვის – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ბოლო წლებში ეკლესიის რეიტინგი ეცემა. გარდა ამისა, არ მგონია, რომ ეკლესიას ნაციონალისტური საკითხებით მანიპულირებისთვის, რაიმე მოტივი ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ. უფრო ხშირად მანიპულირებენ თურქულ, ირანულ და სხვა ქვეყნების, უცხოური კაპიტალის თემით.
საქართველოში მალე არჩევნებია. წინასაარჩევნო პერიოდში ურთიერთობებში ნაციონალური ქვეტექსტები ჩნდება, ამის ნათელი მაგალითია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლა, რამდენად აქტუალური იქნება მსგავსი ნაბიჯები წლეულს?
– დიას, პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებენ ასეთი გრძნობებით. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათ სასარგებლოდ იმუშავებს. ამ შემთხვევაშიც, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პარტიაზე, რომელ კანდიდატზეა საუბარი, მაგრამ, მგონია, რომ მსგავსი მანიპულაციები იქნება.
ნაციონალიმზის საფუძველზე რა საკითხებით მანიპულირება იქნება შესაძლებელი ამ არჩევნებზე?
– ვფიქრობ, რომ მანიპულირებას დაიწყებენ სხვადასხვა ჯგუფებით, თუკი ზურაბიშვილი მანიპულირებდა თურქეთის საკითხით, როცა სომხურ საზოგადოებას ხვდებოდა, აზერბაიჯანელებთან ის სხვა რამეს ამბობდა. ნებისმიერ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა საკითხს, რომელიც პოლიტიკოსების აზრით, მათთვის მომგებიანი იქნება, წინასაარჩევნო ვითარებისას გამოიყენებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამ ბოლოს გამოაცხადა, რომ ქვემო ქართლში არის ჯგუფი, რომელიც ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით მანიპულაციით არის დაკავებული, ავრცელებს ეთნიკურ სიძულვილს. უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ იყო. რაზე იყო საუბარი?
– მეც ვარ ამ საკითხით დაინტერესებული, ვის გულისხმობდნენ ისინი. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ამბობს მსგავს რამეს, პირველი, რაც აზრად მოგვდის, დავადანაშაულოთ რამეში ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობა”, ან სხვა ოპოზიციური ჯგუფები. რადგან აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ოპოზიციის მომხრენიც და მართველი პარტიის მომხრენიც არიან, შესაძლებელია, მათ ეს ურთიერთ ბრალდებებისთვის გამოიყენონ, ანუ თავიანთი ოპონენტები დაადანაშაულონ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. განცხადება, რომელიც გავრცელდა და, რომელზეც თქვენ მიმანიშნებთ, ძალიან ბუნდოვანია. სრულებით გაუგებარია, ვინ ჰყავდათ მხედველობაში და საიდან გამომდინარე საუბრობდნენ. ჩემთვის ეს განცხადება აბსოლუტურად გაურკვეველია.
კორონავირუსის დროს იყო აზერბაიჯანელებზე შეტევები, ყოველთვის არის სამიზნე ჯგუფი მსგავსი მანიპულაციებისთვის? ეროვნულ საფუზველზე სომხების მიმართაც შეიძლება იყოს მანიპულაციები?
– სომხებთან შეიძლება მანიპულაციის თემა იყოს თურქეთი და თურქები. რა თქმა უნდა, ეს ბევრი სომეხისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი საკითხია. შესაძლებელია იყოს მოსახლეობის დაშინების მცდელობა, მაგალითად, თითქოს ოპოზიციას რუსეთთან ურთიერთობების გართულება სურს – ამას შეიძლება ვუწოდოთ მანიპულაციის თემა, რაც, შეიძლება ითქვას, ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ, რომ ისინი რუსეთში სამუშაოდ დადიან.
როგორ არის შესაძლებელი ქართველების დაპირისპირება ეთნიკურ უმცირესობებთან?
– ხელისუფლებას და ოპოზიციას მსგავსი ინტერესი არ აქვს, მაგრამ, რაღაც ძალები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მაგალითად “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხდა, რომ სურს შექმნას მოძრაობა. მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელია მაგალითად, დავით გარეჯის თემით მანიპულირება. მათ უყვართ ამ თემის წამოწევა, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეეცადონ მის გამოყენებას. მათ სურთ შექმნან პარტია, რომელიც მიმართული იქნება ტურისტების, ემიგრანტების, უცხოელების, უცხოელი ბიზნესმენების – თურქების, ირანელების წინააღმდეგ უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ, როგორიც არიან სომხები, ან აზერბაიჯანელები.
რამდენად შეძლებს ეს პარტია რეალიზაციასა და ამომრჩევლის ხმების მიღებას?
– არა მგონია, ბევრი ხმა მიიღონ. ჩვენ უკვე გვაქვს პარტია “პარტიოტთა ალიანსი”, რომელიც დაახლოებით ამ მიმართულებით მუშაობს. მათ მოუწევთ ხმები “პატრიოტთა ალიანსს” წაართვან. ამიტომ, ამ ეტაპზე, ამ პარტიის პერსპექტივებს ვერ ვხედავ.