26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას ოთხი პარტია აწარმოებს. Jnews-ი ცდილობს თვალყური ადევნოს როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 10 ოქტომბერს თვალი ვადევნეთ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სოფელ კარწახსა და ბოზალში გამართულ შეხვედრებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების სოფელ კარწახსა და ბოზალში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზედიზედ მეორე ვიზიტი იყო. სოფელ კარწახსა და ბოზალში მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარტიის ორი წარმომადგენელი წავიდა – პარტიის რეგიონული წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სოფიკო ხორგუანი და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატი (55-ე ადგილი) ნარინე გინოსიანი. პარტიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრების დასაკვირვებლად მისული ჟურნალისტებიც იყვნენ.
კარწახში ჩასვლამდე გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, როგორც მათ თქვეს, სოფელ ჩამდურას ეწვივნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებმა უჩვეულო ფორმატში ჩაიარა. რეგიონის წარმომადგენელი და დეპუტატობის კანდიდატი სახლებში შედიოდა და ქუჩებში ხალხს ესაუბრებოდა. ერთ გამვლელსაც კი აჩერებდნენ და ესაუბრებოდნენ. სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციის დასაწყისში წარმომადგენლები არ აწარმოებდნენ აგიტაციას, აწარმოებდნენ ჩვეულებრივ საუბარს, ეკითხებოდნენ სახელებს, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი, რას აკეთებს, მათ ოჯახებზე… პარტიის წარმომადგენლები არ აკრიტიკებდნენ ოპონენტებს, არ მიუთითებდნენ სხვა ადამიანების ნაკლოვანებებზე ან საკუთარ მიღწევებზე. საუბრის ბოლოს მათ ბუკლეტებს ურიგებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ისინი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან არიან, და მოსახლეობამ აიღოს ბუკლეტები და წაიკითხოს. კარწახის მოსახლეობის ნაწილმა, როცა გაიგო, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და წავიდა, მაგრამ ძირითადად ხალხი ბოლომდე უსმენდა და ბუკლეტებს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფო ხორგუანს და ნარინე გინოსიანს მკერდზე პარტიული ნომრით „25“ სამკერდე ნიშნები ჰქონდათ მიმაგრებული, მოსახლეობამ ამას ყურადღება არ მიაქცია.
სოფელ კარწახში მოსახლეობის უმრავლესობა მინდვრებში იყო, სახლებში კი ძირითადად მხოლოდ ბავშვები იყვნენ.
სოფიკო ხორგუანმა Jnews-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია.
„ჩემთვის ახლა მთავარი ის კი არ არის სურათები გადავიღო ვის შევხვდი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიპოვო ხალხი, მივაწვდინო ხმა, გავიცნო, ასე მიადვილდება, სახლებში შესვლა, მათთან ურთიერთობა. მეუბნებიან, რომ ერთ ადამიანზე ბევრ დროს ვხარჯავ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დროის დაკარგვა, პოლიტიკოსმა, ალბათ, არ უნდა თქვას ასე. ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი გაგება და გაცნობა. მე ახლახან დავიწყე კამპანია, ვემზადები 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთ წელიწადში მოვასწრებ ყველას გაცნობას. არ ვჩქარობ“, – თქვა სოფიკო ხორგუანმა.
პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები ერთი მანქანით მოძრაობდნენ პარტიული სიმბოლოების, პლაკატებისა და დროშების გარეშე. სოფელ კარწახში 10-მდე ადამიანთან საუბრის შემდეგ სოფელ ბოზალისკენ გაემართნენ.
სოფო ხორგუანი და ნარინე გინოსიანი მინდორში ხალხის დანახვისას გაჩერდნენ და მათკენ მიემართნენ. ჯერ მოსავალზე, სოფელში ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრეს, შემდეგ კი პარტიული ბუკლეტები დაურიგეს და უთხრეს, რომ გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ მხრიდან არიან.
სოფიკო ხორგუანმა ამ მცხოვრებლებისგან ერთი ტომარა კარტოფილი პირდაპირ მინდვრიდან იყიდა. კარტოფილი 60 თეთრად მიყიდეს, საშუალება მისცეს თავად აერჩია და აეკრიფა.
„მე უფრო მინდა მათ მოვუსმინო. ხედავთ, არ ვყვები, არ ვიძლევი დაპირებებს, უბრალოდ პროგრამას ვარიგებ. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხმა ჩემს პარტიას მისცენ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გაცნობა, ვისაც უნდა ვემსახურო. მინდა ვიცოდე, რაზე ოცნებობენ, რა აწუხებთ“, – თქვა Jnews-თან საუბარში სოფიკო ხორგუანმა.