ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დასაქმების საკითხი პრობლემას წარმოადგენს. ახალგაზრდები, რომლებმაც განათლება თბილისში, ერევანში თუ სხვა ქალაქებში მიიღეს, ურჩევნიათ ჯავახეთში არ დაბრუნდნენ, ვინც ბრუნდება, თვითრეალიზაციის პრობლემას აწყდება. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, თუ ბევრ სფეროში სპეციალისტების დეფიციტის გათვალისწინებით განათლებული ახალგაზრდები რატომ ვერ პოულობენ სამუშაოს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმება სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. ოდესღაც ახალგაზრდები ვერ პოულობდნენ სამუშაოს „რადგან არ ფლობდნენ სახელმწიფო ენას“, მაგრამ ბოლო წლებში ახალგაზრდებში სახელმწიფო ენის ცოდნის სიტუაცია გაუმჯობესდა. ადგილობრივი ახალგაზრდები ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალური პროგრამის „4+1“-ის დახმარებით სწავლობენ, რომლის ფარგლებშიც მშობლიური ენის ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას სწავლობენ, შემდეგ კი გადადიან საბაკალავრო პროგრამაზე. მაგრამ ამის მიუხედავად, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა აქტუალური რჩება.

სოფელ ხანდოდან ფენია თოროსიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 წლის წინ ჩაირიცხა. აირჩია ქართული ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მოუთმენლად ელოდა განათლების მიღებას, მშობლიურ სოფელში დაბრუნებას და ბავშვებისთვის სკოლაში სწავლებას. განათლება მიიღო და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, მაგრამ სკოლაში ბავშვებს ვერ ასწავლის, ადგილები არ არის.

„წელს დავამთავრე, მოვედი, სკოლას მივმართე, მასწავლებლად მინდოდა მუშაობა, მაგრამ უარი მითხრეს, რადგან სამუშაო გამოცდილება არ მაქვს. სამუშაო გამოცდილება პირველ პირობად დამიყენეს. მაგრამ მე წელს დავამთავრე, საიდან მექნება გამოცდილება, სხვაგან მეუბნებიან, რომ  მომუშავეები არ ესაჭიროებათ“, – ამბობს ფენია თოროსიანი.

ქალაქში ან სხვა ადგილებში სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებით ფენია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში გადაადგილების ელემენტარული პირობები არ არსებობს – არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სისტემატურად იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში.

ვარდუი კურგინიანმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ეკონომიკის განხრით მაგისტრატურა თბილისში განაგრძო. სწავლა დაამთავრა, მაგრამ ცდილობს იქ იპოვოს სამსახური და არ დაბრუნდეს ახალქალაქში.

„არ მინდა დაბრუნება, რადგან აქ ვერ ვპოულობ შესაფერის სამუშაოს, რომ იყოს თავისუფლება, ნაცნობებისა და ურთიერთობების გარეშე, ჩემი ცოდნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით“, – ამბობს ის.

ახალქალაქის „ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ პედაგოგი და დირექტორი შორენა თეთვაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების დასაქმების საკითხი მწვავედ დგას, რადგან არ არსებობს შესაბამისი კვლევები შრომის ბაზარზე და ადგილობრივად სპეციალისტების საჭიროება.

„როცა ახალგაზრდები მიდიან სასწავლებლად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადვოკატი ან ექიმი გვჭირდება, რამდენი ადგილი გვყავს ადვოკატისთვის, ექიმისთვის. ვინც ექიმზე სწავლობს, ძირითადად, არ ბრუნდება და ვინც ბრუნდება, უჭირს სამუშაოს პოვნა. ახალგაზრდები ირჩევენ იმ ფაკულტეტებს, სადაც ბევრი სტუდენტია ჩვენი რეგიონიდან, ან მშობლების რჩევით, და არა ისეთებს, რომლებიც აქ მოთხოვნადია, სამწუხაროდ, ახალგაზრდობა არ ირჩევს ან ნაკლებად ირჩევს სოფლის მეურნეობის სფეროს პროფესიებს, ეს არ იზიდავს ახალგაზრდებს“, – ამბობს შორენა თეთვაძე.

სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ახალქალაქის პლატფორმა, რომელშიც ასევე შედის შორენას ორგანიზაცია, 3 თვეა ჯავახეთში სხვადასხვა შეხვედრებითა და კომუნიკაციებით დასაქმების პრობლემას შეისწავლის. შესწავლის პროცესში პლატფორმა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის შეუსაბამობის ერთ-ერთი მიზეზი არის ამ ბაზარზე კვლევის ნაკლებობა და ახალგაზრდების არასაკმარისი ინფორმაცია იმ პერიოდში, როდესაც ისინი მათ მომავალ პროფესიას ირჩევენ. პლატფორმის ერთ-ერთ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ იკვლევენ შრომის ბაზარს და უფასო სტაჟირებისა და სხვა პროგრამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. შორენა თეთვაძის თქმით, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არ არის, ეს საკითხი კვლავ შესწავლას საჭიროებს, იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრების დროს ბევრი რამ გაირკვა. თუმცა ჩვენი კვლევების აუცილებლობა აშკარაა“, – თქვა შორენა თეთვაძემ.

აღსანიშნავია, რომ Jnews-ი დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოს ადგილობრივად ჩატარებულ პროგრამებსა და კვლევებზე კითხვებით ივლისიდან დაუკავშირდა. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პასუხს.

ფოტო Jnews-ის არქივიდან. გამოსაშვები ცერემონია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის შენობაში, 2022 წლის ივლისი.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.