ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბავშვებში ინტენსიურად ვრცელდება ინფექციური დაავადება – წითელა. ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ დადიან, საავადმყოფოში კი ყოველდღიურად პედიატრები წითელას 7-10 შემთხვევას აფიქსირებენ.
ახალქალაქის საავადმყოფოდან Jnews-ს აცნობეს, რომ ბოლო დღეებში საშუალოდ 7-10 წითელას შემთხვევა ფიქსირდება და კიდევ ბევრი შემთხვევაა, რომელიც საავადმყოფოსთვის უცნობია.
„სხვადასხვა დღეს განსხვავებულია. მაგალითად, დღეს უკვე 7 ბავშვი გვყავს, არის დღეები, როცა 10-ს აღწევს. ბევრი სახლში მკურნალობს და სანამ არ გართულდება, საავადმყოფოში არ მიდიან. ვიცით, რომ წითელას ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან აქვს გართულებები ოტიტის, პნევმონიის და ა.შ. სახით“ – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს პედიატრი მარიანა ამბარცუმიანი.
მან აღნიშნა, რომ ხალხმა, გარკვეულწილად, დაიწყო აცრებზე სიარული.
„პარასკევს 15-20 აცრა გავუკეთეთ ბავშვებს, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ აცრა გაკეთებული“, – აღნიშნა პედიატრმა.
სკოლებში არადამამშვიდებელი სურათი მეფობს – ბევრია დაავადებული, ასევე ბევრია, ვინც შვილებს სკოლაში ვირუსის პრევენციის მიზნით არ აგზავნის. ახალქალაქის №2 სკოლაში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა, არის კლასები, სადაც 2-3 ადამიანი ესწრება გაკვეთილებს. დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაადასტურა სკოლის დირექტორმა ანაჰიტ აბგარიანმა.
„იყო პანიკა, მაგრამ უკვე ჩაიარა. ძირითადად სიცხისა და ინფექციის გამო. სკოლას არ შეუძლია შესაბამისი ზომების მიღება, სანამ მტკიცებულებები არ ექნება. მშობლებმა ბავშვების დაავადების შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ. სამწუხაროდ. სხვა ზომებს ვერ მივიღებთ”,- კომენტარი გააკეთა ანაჰიტ აბგარიანმა.
თუმანიანის სახელობის №1 სკოლაში წითელას 2 ოფიციალური შემთხვევა – ერთი მეორე კლასში და ერთი მეექვსე. სკოლის დირექტორის რუზან ტეპოიანის თქმით, ერთ-ერთი მათგანი უკვე გამოჯანმრთლდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან წითელას საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციაა.
„ამჟამად ჩვენი გეგმა არის ის, რომ ყველამ აცრა გაიკეთოს. წითელას მხოლოდ ერთი გამოსავალი არის – ვაქცინაცია. თუკი სრული ვაქცინაცია იქნება, 97-98% ალბათობით ბავშვს არ გადაედება”,- კომენტარი გააკეთა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა.
ის ხაზს უსვამს, რომ დაავადების გავრცელება არ წარმოადგენს საფრთხეს ვაქცინის მიღებისთვის.
“ჩვენ გვეუბნებიან, რომ სახლში ავადმყოფი რომც იყოს, ოჯახის წევრებმა აცრა უნდა გაიკეთონ. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია ვაქცინაციისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. და პლუს, ახლა ყველას არ ჰყავს ავადმყოფი”,- აღნიშნავს სირანუში.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მოქალაქემ ახალქალაქის საავადმყოფოს უნდა მიმართოს. წითელას ვირუსის არსებობის შესამოწმებლად იქ შეგიძლიათ სისხლის ანალიზი გაიკეთოთ. ორივე ეს პროცედურა უფასოა. წითელას რუტინული ვაქცინაცია ტარდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუმცა, როგორც სირანუშ ტონაკანიანი აღნიშნავს, ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება ვაქცინაციის გაკეთება.
სკოლების დახურვასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.
„ჩემთვის არ მოუმართავთ, მე არ მიმიღია წერილი. დაავადება არის, მაგრამ ცნობების სახით ოფიციალური მტკიცებულებები არ მიგვიღია. დაავადების ოფიციალური შემთხვევები ძალიან ცოტა გვაქვს”,- თქვა მან.
სირანუშ ტონაკანიანის თქმით, წითელა სეზონური დაავადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ტემპერატურა 39 გრადუსამდე ადის, ასევე არის გამონაყარი ავადმყოფობის მე-4 დღეს. მისივე თქმით, წითელას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა ავადმყოფობის შემთხვევაში გვირჩევენ, თვითმკურნალობა არ ჩავიტაროთ და ექიმს მივმართოთ.