2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს არჩევნები ისტორიულად მნიშვნელოვანია. Jnews-მა ახალქალაქში ჩაატარა გამოკითხვა, რათა გაერკვია, როგორ არის განწყობილი მოსახლეობა, იციან თუ არა არჩევნების, ელექტრონული სისტემის შესახებ და რას ფიქრობენ ამ სისტემაზე.

საპარლამენტო არჩევნებამდე 26 დღე დარჩა. ახალქალაქში წინასაარჩევნო ვითარება მშვიდია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არჩევნების მიმართ ძირითადად გულგრილია და ზოგადად ცდილობენ არ ისაუბრონ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებზე.

JNEWS-მა ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩებში 57 ადამიანი გამოკითხა. ძირითადი კითხვები იყო შემდეგი:

  • იცით თუ არა, რომ მალე არჩევნებია?
  • იცით თუ არა, რომ ხმა ელექტრონული სისტემით უნდა მისცეთ?
  • რას ფიქრობთ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე?

გამოკითხული 57 ადამიანიდან მხოლოდ 9-მა უპასუხა კითხვებს, თან ძალიან თავშეკავებულად და უხალისოდ. დანარჩენმა 48-მ, ჩვენი კითხვების მოსმენის შემდეგ, უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

გთავაზობთ რესპონდენტთა პასუხებს:

„დიახ, მე ვიცი არჩევნების შესახებ. ჰასმიკი (საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე) პარკში ორი დღე ხსნიდა, მაგრამ მე არ მომისმენია, არ ვიცი, შემიძლია თუ არა ელექტრონულად ხმის მიცემა . არ ვიცი შეიძლება თუ არა ელექტრონულ ფორმატში გაყალბება“, – თქვა კტოიან ვიოლეტამ.

ასაკოვანმა ხალხმა, დაახლოებით 12 ადამიანმა, რომლებიც ცენტრალურ პარკში ნარდს თამაშობდნენ, თავიდან უარი თქვეს პასუხის გაცემაზე, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა, არტიუშ აივაზიანმა, ყველას ნაცვლად შემდეგი თქვა და გვთხოვა ამის შესახებ აუცილებლად დაგვეწერა.

„სანამ ჩვენი საკითხი არ მოგვარდება, ხმას არ მივცემთ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ, ასაკოვან ხალხს, გამოგვიყონ ოთახი, რათა შევიკრიბოთ და დრო გავატაროთ. უკვე აცივდა. ზოგადად, ყველამ იცის, რომ არჩევნები ელექტრონულია. მე არ შემიძლია, შვილიშვილი მოვა და დამეხმარება. ის ახალგაზრდაა და ყველაფერი იცის, მხოლოდ ოთახთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება გვჭირდება. ყველა ჩემს ნათესავს და მეგობრებს მივიყვან არჩევნებზე“,- თქვა არტიუშ აივაზიანმა.

ვოლოდია სერობიანი არჩევნების შესახებ ინფორმირებულია.
„მე ვიცი არჩევნების შესახებ, ვფიქრობ, რომ ელექტრონული არჩევნები არ იქნება რთული და ვფიქრობ, რომ მისი ფალსიფიცირება შეუძლებელი იქნება“.

ბალასანიან ერიკნაზმა გვიპასუხა, რომ იცოდა მოახლოებული არჩევნების შესახებ, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ელექტრონულ ფორმატში ჩატარდებოდა.

„რაც შეეხება ფალსიფიკაციას, ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოისურვებენ“.

სოფელ ვაჩიანში მცხოვრები პაპოიან ანდრანიკი ჯერ კიდევ ფიქრობს არჩევნებზე წავიდეს თუ არა.

„არანაირად არ გვეხმარებიან, ჩვენი გზა დიდი ხანია ცუდ მდგომარეობაშია, არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ“.

ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, ამბობს, რომ არჩევნები არაფერს ცვლის და მას არჩევნების იმედი არ აქვს.

„არჩევნები არაფერს ცვლის, ყველაფერია შესაძლებელი. ბევრჯერ მომატყეს, ერთს ამბობენ, სხვას აკეთებენ. მე უკვე უფროსი ვარ და არ მახსოვს, რომ დაპირებული გაუკეთებიათ, დაპირებული არასდროს შეუსრულებიათ, აღარ მინდა მოტყუებული ვიყო, შესაძლოა არჩევნებზე წავიდე, მაგრამ იმედი არ არის, რომ რამე შეიცვლება“.

ზოგს ჰგონია, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპს უბანზე აუხსნიან.

„არ ვიცი, შემიძლია თუ არა ხმა ელექტრონულ ფორმატში მივცე, მთავარია, რომ მოსახლეობა სამუშაო ადგილებით უზრუნველყონ“.

ბადალიან მამიკონმა არ იცის, როგორ ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, მაგრამ ნამდვილად იმედოვნებს, რომ დაეხმარებიან.

„ადრე მიჭირდა, მაგრამ ახლა არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ ვფიქრობ, როგორც ბანკში, ყველაფერს გააკეთებენ შენს ნაცვლად, არ ინერვიულოთ, ვისაც დასჭირდება, დაეხმარებიან“.