პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სიები 26 სექტემბერს წარადგინეს. Jnews-მა შეისწავლა რომელ პარტიას და რამდენი კანდიდატი ჰყავს ჯავახეთიდან.
2024 წლის არჩევნები პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის დეპუტატები, რომლებიც პარტიებმა თავიანთ სიებში წარმოადგინეს. ამდენად, თუ ადრე ჯავახეთის სომეხ წარმომადგენელს პარლამენტში რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესვლა გარანტირებული ჰქონდა, ახლა ამისთვის პარტიამ პროპორციულ სიაში დეპუტატი უნდა შეიყვანოს. ამასთან, სიიდან ყველა დეპუტატი არ შედის პარლამენტში, არამედ იმდენი, რამდენ მანდატს მიიღებს პარტია არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნებზე რეგისტრირებული 24 პარტიიდან 19-მა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სიები წარუდგინა. ესენია: „საქართველო“; „გახარია – საქართველოსთვის“; „ჩვენი ერთიანი საქართველო“; “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; “საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია”; “მემარცხენე ალიანსი”; „თავისუფალი საქართველო“; “ტრიბუნა”; „შეცვალე საქართველო“; “ჩვენ”; „ქართული ერთობა“; „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; “გირჩი”; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“; „ერთობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; და „ევროპელი დემოკრატები“.
Jnews-მა მიმოიხილა იმ პარტიების სიები, რომლებიც გარკვეულწილად მაინც აქტიურობენ ახალქალაქში, აქვთ შტაბი ან აპირებენ გახსნას.
“ქართული ოცნება”
„ქართული ოცნების“ სრულ სიაში 170 დეპუტატია. სიაში მხოლოდ ორი სომეხია, საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრები: სამველ მანუკიანი (სიის 36-ე), სუმბატ კიურეგიანი (სიის 68-ე). აღვნიშნავთ, რომ რაც უფრო ნაკლებია სიაში რიცხვი, მით ნაკლებია დეპუტატის პარლამენტში შესვლის ალბათობა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
27 სექტემბრის მდგომარეობით, ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო კანდიდატის 50-კაციანი სია წარადგინა. სიაში არც ერთი სომეხი კანდიდატი არ არის.
“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”
აღნიშნული კოალიცია შეიქმნა პარტიებიდან „ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძე „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძე „თავისუფლების მოედანი“. კოალიციის მიერ წარდგენილ სიაში პარლამენტის 26 კანდიდატია.
“გახარია – საქართველოსთვის”
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 115 კანდიდატის სია წარადგინა. სიაში 55-ე ადგილზეა ნინოწმინდის მკვიდრი, ამავე პარტიიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნარინე გინოსიანი.
„კოალიცია ცვლილებისთვის— გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
პოლიტიკურ ასოციაციაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ შედიან პარტიები „ახალი“ (ნაციონალური მოძრაობის პარტიის ნაწილი), „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ასოციაციამ 20 კაციანი სია გამოაქვეყნა. მასში სომხური გვარები არ არის.