ახალქალაქის სამივე მუნიციპალური სკოლამდელი დაწესებულება სარემონტოდ დაიკეტა, რამაც ქალაქში და ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი აღზრდის ბავშვების მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერისგან შეეცადა გაერკვია, ყველა საბავშვო ბაღის ერთდროულად დაკეტვის გადაწყვეტილება რატომ მიიღო.
ახალქალაქის №1, 2, 3 საბავშვო ბაღები 2024 წლის ზაფხულში ერთდროულად სარემონტოდ დაიკეტა. მომუშავე მშობლების შვილები, დაახლოებით 100 ბავშვი (571-დან) ამ საბავშვო ბაღებიდან გადაყვანილია სოფლის სხვადასხვა სკოლამდელ დაწესებულებაში. ბავშვების ტრანსპორტირება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება, იქამდე ატარებენ, სანამ №1, 2, 3 საბავშვო ბაღები გაუხსნება, ან გაჩნდება სხვა, ალტერნატიული შესაძლებლობა.
ქალაქის საბავშვო ბაღების ერთდროულად დახურრვამ მშობლებისა და ბავშვების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც დაკარგეს სკოლამდელი აღზრდის შესაძლებლობა, და მათი, ვინც სოფლების საბავშვო ბაღებში გადაჰყავთ, და სოფლის საბავშვო ბაღების ბავშვების, რადგან ისინი ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა.
ჟენია ხეჩოიანი ამბობს, რომ მისი შვილი 3 წლისაა, წელს უნდოდა ბაღში წაეყვანა. ჟენია არ მუშაობს, მაგრამ თვლის, რომ მისმა გოგომ უნდა მიიღოს სკოლამდელი განათლება.
„წელს დავრეგისტრირდი და იმედი მქონდა, რომ საბავშვო ბაღში ვატარებდი, მაგრამ არსად მიმიღეს. რატომ დაიწყო რემონტი ყველამ ერთად, ყოველწლიურად ერთი შენობა გაერემონტებინათ? თუ ჩემი ქალიშვილი ახლა არ ივლის საბავშვო ბაღში, მერე აღარ დასჭირდება“, – ამბობს ჟენია ხეჩოიანი.
გაიანე ალექსანიანი მუშაობს, მისი შვილი დაახლოებით 3 წლისაა. ის ასევე მიიჩნევს, რომ არასწორია ყველა საბავშვო ბაღის ერთდროულად დახურვა.
„ჩემი შვილი ჯერ საბავშვო ბაღში არ დადის, შვილს სოფელში ნამდვილად არ გავაგზავნი, მხოლოდ ქალაქში, თუ რამეს მოიფიქრებენ, ბავშვს ტრანსპორტით მარტო ვერ გავუშვებ“, – ამბობს გაიანე ალექსანიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი აღნიშნავს, რომ ვარაუდობდნენ, რომ მშობლების მხრიდან უკმაყოფილება იქნებოდა, მაგრამ ეს მუნიციპალიტეტისთვის ექსკლუზიური შესაძლებლობა იყო.
„პროექტში ქალაქის სამი საბავშვო ბაღია ჩართული, თითო ბაღში 3 მილიონი ლარი იხარჯება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. სამივე საბავშვო ბაღი ერთდროულად რომ დაიხურა, მივხვდით, რომ გარკვეულწილად საჩივრებს მივიღებდით, მაგრამ არის ხალხიც, ვინც გაგებით მოეკიდება. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტანდარტული საბავშვო ბაღები, მაშინ უკეთესი იქნება, ბაღები 3-4 თვით დაიხუროს, სამაგიეროდ შემდეგ ბაღში მყოფი ბავშვები კარგად იქნებიან. იმ მომენტში უარი რომ გვეთქვა, რეაბილიტაცია ადგილობრივ ბიუჯეტზე დარჩებოდა, რადგან 2027 წელს ყველა საბავშვო ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია. გაგვიმართლა, რომ ამ პროექტში ქალაქის სამი საბავშვო ბაღი ჩაერთო. და ის თანხები, რაც მათზე უნდა დაგვეხარჯა, სოფლის საბავშვო ბაღებში დავხარჯავთ, რათა ისინიც ევროპულ სტანდარტებამდე მივიყვანოთ“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა.
მისი თქმით, 2025 წლის შემოდგომაზე, არდადეგების შემდეგ, ახალ სასწავლო წელს ბავშვები განახლებულ ან ახალ საბავშვო ბაღებში ივლიან.
მუნიციპალიტეტს ახალქალაქის 571-ვე ბავშვის სოფლის ბაღებში ტარების შესაძლებლობა არ აქვს. საბავშვო ბაღების ასოციაციამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად გადაწყვიტა, რომ სოფლის საბავშვო ბაღებში მხოლოდ 2018-2019 წლებში დაბადებული ბავშვები და მხოლოდ მომუშავე მშობლების ან მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ატაროს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, მათ მხოლოდ მომუშავე მშობლების ბავშვები მიიღეს, რადგან ყველა ბავშვის ტარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
„ჯგუფებში გამოვაცხადეთ, რომ მომუშავე მშობლების განაცხადებს ვღებულობთ, მომუშავე მშობლებისგან მხოლოდ 42 განაცხადი იყო, მეტი რომ ყოფილიყო, რამეს მოვიფიქრებდით. ვიღებთ მხოლოდ 5-6 წლის ბავშვებს, რომლებიც მომავალ წელს წავლენ სკოლაში. სოფლის საბავშვო ბაღებიც სავსეა“, – ამბობს ანაიდა ასატურიანი.
ასოციაციამ თავიდან 28 განაცხადი მიიღო, მოგვიანებით კი დაკეტილი ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა სხვა ბაღებში 42-მდე გაიზარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის თანხით ახალქალაქის №1, 2, 3 საბავშვო ბაღები გარემონტდება, ამ სამუშაოებზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა, №1 და №2 სკოლამდელი დაწესებულებების შენობების სარემონტო სამუშაოებზე – 2023 წლის 25 სექტემბერს, ხოლო №3 საბავშვო ბაღის გარემონტებისთვის – 2023 წლის 14 ნოემბერს.