11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა იმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. ახალქალაქში, №1 საარჩევნო უბანზე, რომელიც ქალაქის სამხატვრო სკოლაში მდებარეობს, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა.
ამ ღონისძიების მიზანი იყო ამომრჩეველთა ახალი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინფორმირება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ხმის მიცემის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იმიტირებული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა. ახალქალაქში, სამხატვრო სკოლაში, ქალაქის 3-ვე უბანმა და სოფელ დილისკას საარჩევნო კომისიამ რიგრიგობით იმიტირებული კენჭისყრა ჩაატარეს. ასევე გაიხსნა სოფლების არაგვას, ვაჩიანის, ზაკის, ხულგუმოსა და ხორენიას უბნები.
ახალქალაქის №1 საარჩევნო უბანი 11 საათზე გაიხსნა. მსურველებს ელექტრონული ხმის მიცემის პროცესის გავლა შეეძლოთ. საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა დაინტერესებულ პირებს განუმარტეს რეგისტრაციის პროცედურა და ასევე ჩაატარეს ხმის მიცემის პროცედურა, დაწყებული რეგისტრატორთან პირადობის მოწმობების შემოწმებით. თუ ამომრჩეველი დარეგისტრირებულია მოცემულ უბანზე, მას ეძლევა ჩეკი, თუ არა, მაშინ რეგისტრატორი აცნობებს, თუ სად უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა, ამასთანავე მანქანას აცნობებს, რომ მოცემული პირი ან არ არის ამომრჩეველთა სიებში ან უკვე მისცა ხმა.
რეგისტრაციის პროცესის შემდეგ გაიცემა ჩეკი, რომელიც უნდა ჩაიყაროს რეგისტრატორთან არსებულ საარჩევნო ყუთში. ამის შემდეგ გაიცემა ბიულეტენი, მაგრამ კომისიის წევრი განმარტავს, რომ თუ ხაზს გაუსვამთ ან მონიშნავთ ველს, აპარატმა შესაძლოა ბიულეტენი ბათილად ჩათვალოს. ამიტომ საჭიროა ფრთხილად შევავსოთ წრეები იმ პარტიის სახელის წინ, რომლის არჩევაც მოქალაქეს სურს. ფარული ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენზე უნდა შემოხაზოთ წრე (გააკეთოთ არჩევანი). ამის შემდეგ ბიულეტენი იკეცება არჩევანის ანონიმურობის შესანარჩუნებლად და ელექტრონულ აპარატთან მიდის, რომელიც ბიულეტენს ღებულობს. მანქანა მიუთითებს, რომ ხმა მიღებულია და აჩვენებს ამომრჩეველთა რაოდენობას, ვინც ხმა მისცა.
საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად, მომავალი და ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით. იცვლება ამომრჩეველთა გადამოწმების (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში ტარდება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.