ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებშიც „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით საქონლისა და ინვენტარის შესყიდვა შეირჩა, სამუშაოები დასრულებულია, დანარჩენ სოფლებში სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს არანაირი პრობლემა არ აქვს და დროულად დასრულდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოებზე ყველა კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობამ ინვენტარის შეძენა აირჩია, შესყიდვა უკვე განხორციელდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არამ მოვსისიანის თქმით, ასეთი სოფელი სულ 8 იყო.
„აგანა, ბეჟანო, ბარალეთი უკვე დასრულებულია, დანარჩენზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ყველა კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს, ცნობილია, ხელშეკრულებები გაფორმებულია, გარდა სოფელ ხანდოში სამუშაოებისა, რაზეც ტენდერი ხელახლა გამოვაცხადეთ. ვფიქრობ, რომ ერთ თვეში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის სამუშაოების 90% დასრულდება“, – თქვა არა მოვსესიანმა.
არა მოვსესიანი აღნიშნავს, რომ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის მუშაობაში არასდროს ყოფილა პრობლემები და არც ერთი სამუშაო არ დარჩენილა დაუმთავრებელი.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა საქართველოში მრავალი წელია ხორციელდება, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც. ამ პროგრამის ფარგლებში ძირითადად სოფლებში მცირე სამუშაოები ტარდება. თუმცა, არა მოვსისიანი მიიჩნევს, რომ პროგრამა კვლავ აქტუალურია და აუცილებელი.
„რაც არ უნდა მოხდეს, სოფლებში მაინც ბევრი პრობლემა გადაიჭრება. წელს სამუშაოების დასასრულებლად ბევრ სოფელს დავამატეთ თანხები და ვფიქრობ, მას შემდეგ რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამატებთ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ოდენობას, უკვე შესაძლებელი იქნება ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება“, – თქვა არა მოვსესიანმა.
აღსანიშნავია, რომ წელს 30-მდე სოფელმა დამატებით თანხა მიიღო. ადგილობრივმა ბიუჯეტმა სოფლებს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხის 200%-მდე დაუმატა, რომ სამუშაოები დასრულდა. თითოეული სოფლისთვის დამატებითი თანხა შერჩეული სამუშაოს მიხედვით ინდივიდუალურად შეირჩა.
თანხები ძირითადად არ დაემატა იმ სოფლებს, რომლებმაც აირჩიეს განათება, სარიტუალო სახლებისთვის ინვენტარის შეძენა ან სპორტული დარბაზისთვის ინვენტარის შეძენა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხა რამდენიმე წელია არ იცვლება და 922 000 ლარს შეადგენს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი. ასევე, მოსახლეობის მიხედვით, სოფლებს შეუძლიათ მიიღონ 12 000 ლარი ან 16 000 ლარი. თითოეულმა სოფელმა წელს მიიღო იგივე თანხა, რაც გასულ წელს.