საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 4 წელია, რაც ახალქალაქში ოფისი გახსნა. Jnews-ი დაინტერესდა, გააგრძელებს თუ არა „წითელი ჯვარი” თავის საქმიანობას საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირობებით.

წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა და ფინანსდება შვეიცარიის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის კომიტეტის მიერ. ახალქალაქის მენეჯერს მიაჩნია, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი არ ახდენს ძლიერ გავლენას მათ ორგანიზაციაზე.

„რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, წითელ ჯვარს პრობლემა არ ექნება, რადგან მას აქვს უდიდესი ჰუმანიტარული ისტორია, რომელიც საქართველოში 100 წელზე მეტია მოქმედებს“, – ამბობს ჰნაზიკ ავეტისიანი, წითელი ჯვრის საზოგადოების მენეჯერი ახალქალაქში.

წითელი ჯვრის საზოგადოება ახალქალაქში 2020 წლიდან ფუნქციონირებს, აქ მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს. საქართველოში სულ 40 ფილიალია.

შარშან და წინა წელს საზოგადოებამ ცნობილი LC Waikiki-ის ბრენდის ტანსაცმელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 120 გაჭირვებულ ოჯახს დაურიგა, რამდენიმე სოფელში კი მობილურმა ცენტრმა უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაატარა. 100 გაჭირვებული ოჯახის ბავშვს სკოლის საჩუქრები გადაეცა, ძირითადად საკანცელარიო ნივთები. საზოგადოება მოხალისეოვრივად ასევე ასწავლის ბავშვებს ქართულ ენას ონლაინ და ატარებს სხვა აქტივობებს.

საზოგადოება თანამშრომლობს სამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოების თბილისის ოფისში Jnews-ს აცნობეს, რომ ისინი აგრძელებენ საქმიანობას.

„კანონი მიღებულია, მაგრამ ჯერჯერობით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სხვა საკითხები წყდება, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვაქვს ხელშეკრულება, ადგილობრივი პროექტები გვაქვს და ვაგრძელებთ მუშაობას ახალქალაქში, ხოლო მერე ვნახავთ“, – თქვეს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის წარმომადგენლობაში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება. ეს არის ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარულ სფეროში, რომელიც აღიარებულია 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების საფუძველზე.